Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსული მედია საქართველოს სააკაშვილის ხაჭაპურით უტევს

0:04 AM

[ნინო ლოლაძე]
რუსული ტელევიზიებისა და პრესის საშუალებით კრემლმა პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით აამოქმედა. რუსი ჟურნალისტების ტენდენციურობაზე უკვე საერთაშორისო მედია საუბრობს.

ერთი რამ ცხადია - მოსკოვი საინფორმაციო ომს იგებს. ხშირ შემთხვევაში უცხოური მედია სწორედ რუსულ ტელე-არხებსა და პრესაზე დაყრდნობით ამზადებს მასალებს.

ევროპის ტელევიზიები მათი რუსული ბიუროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ ბიუროების კორესპონდენტები ისეთივე ობიექტურები არიან, როგორც კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტები.

საქართველოს ხელისუფლებასა და მედია-საშუალებებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ რუსი ჟურნალისტების ტენდენციურობაზე ისაუბრონ. იმედია, სააკაშვილის ხელისუფლება საბოლოოდ მიხვდა, რომ რუსი ყოველთვის რუსად დარჩება და რა პატივიც არ უნდა სცე, მაინც იმას იტყვის, რასაც პუტინ-მედვედევის ტანდემი უბრძანებს.

არადა, ოფიციალური თბილისი დროს, ენერგიასა და ფინანსებს არ იშურებდა იმისათვის, რომ რუსი ჟურნალისტების გული მოეგო. ტელევიზიების, ბეჭდური მედიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების კორესპონდენტები თბილისში არაერთხელ მოუწვევიათ, რათა მათთვის ადგილზე გაეცნოთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში.

ქართული სტუმართმასპინძლობით რუსების გულის მოგებას პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული ყველა აქტიურად ცდილობდა. თუმცა, პატივისცემის შედეგი ქართულ მხარეს თითქმის არასდროს მოუმკია და რუსულ მედიაში საქართველოს შესახებ პოზიტიური და ობიექტური სტატიების წაკითხვის ბედნიერება არავის ჰქონია.

თუმცა, როგორც სახელმწიფო კანცელარიაში “პრესა.გე”-ს განუცხადეს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტების კალამმა ერთი-ორჯერ მეტ-ნაკლებად დადებითი სტატია მაინც დაწერა. ალბათ, სხვა შედეგის მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა ვინმეს, რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ “დემოკრატია” ეს ის სიტყვაა, რომელსაც რუსეთში არავინ ცნობს და მედია თავიდან ბოლომდე კრემლის მიერ არის კონტროლირებადი.

ამ ჭეშმარიტების ცოდნის მიუხედავად თბილისში რუს ჟურნალისტებს ჯგუფ-ჯგუფად მაინც იწვევდნენ. ბოლო ასეთი ვიზიტი მაისის თვეში შედგა.

საქართველოში რუსი ჟურნალისტების 12-კაციანი დელეგაცია 7 მაისს სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მათი მოწვევა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მოხდა.

როგორც კი რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ეპატიჟებოდათ, ჟურნალისტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

თბილისში ჩამოსვლის სურვილი ბეჭდვითი მედიის, რადიოსადგურების, ინტერნეტ-გამომცემლობების და საინფორმაციო სააგენტოების რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა გამოთქვა. ცხადია, ხაჭაპურისა და ხინკლის ჭამაზე, მონატრებული ქართული ღვინისა და არყის დალევაზე უარს არავინ იტყოდა.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება იმედი ჰქონდა, რომ ეს ადამიანები სწორად შეძლებდნენ საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას და ამის რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის მიწოდებას.

რუსულ დელეგაციაში “იზვესტიას”, “კომერსანტის”, “ნოვაია გაზეტას”, “ნეზავისიმაია გაზეტას”, “ოგონიოკის”, “ეხო მოსკვის”, “ინტერფაქსისა” და “იტარ-ტასის”, ინტერნეტ გამოცემა “გაზეტა რუ”-ს კორესპონდენტები შედიოდნენ. ისინი შეხვდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისე - საგარეო, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს. ჟურნალისტები თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო. დელეგაცია ეწვია ბათუმსა და სიღნაღს. ერთი სიტყვით, კარგი დრო ატარეს.

ცხადია, მათი ვიზიტი თავიდან ბოლომდე ქართულმა მხარემ დააფინანსა, შედეგი კი რუსულ მედიაში ერთი-ორი მეტ-ნაკლებად პოზიტიური მასალა გამოქვეყნდა. ეს იყო და ეს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში რუსული მედიის წარმომადგენლების მოწვევას ქართველი ჟურნალისტები არ ამართლებენ. ფიქრობენ, რომ ამ საქმეში ფინანსური რესურსები ამაოდ იხარჯება, რადგან რუსი კორესპონდენტი მაინც იმას დაწერს, რაც კრემლს სურს.

ნინო მიქიაშვილი, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი: “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსი ჟურნალისტების ორგანიზებული სახით ჩამოყვანა ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, მიუღებელია. თუ მათ უნდათ საქართველოში ჩამოსვლა და ნახვა რა ხდება, შეუძლიათ დამოუკიდებლად, ვინმეს მოპატიჟების გარეშე გვეწვიონ.

ჩვენ აქ კაციჭამიები არ ვცხოვრობთ, სტუმართმოყვარე ერი ვართ და ყველას, მათ შორის რუსებსაც, ჩვეულებრივად მივიღებთ. ვაჩვენებთ რა ვართ, რას ვაკეთებთ, რითი ვსუნთქავთ და როგორ ვცხოვრობთ. მათი ჩამოყვანით ხელისუფლება პიარს იკეთებს და სხვა არაფერი. რეალურად ამით საქმე არ კეთდება და რუსულ მედიაში საქართველოს მიმართ არსებული უარყოფითი განწყობა არ იცვლება.

ისინი აქ ჩამოდიან, დროს ატარებენ. კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ჩვენი ხაჭაპური, საცივი და საფერავი ძალიან კარგია, მერე წავლენ სამშობლოში და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებასა და მუშაობას, როგორც აქ ჩამოსვლამდე იყო. მათი სტატიები არ შეიცვლება”.

მანანა ვარდიაშვილი, გაზეთ “24 საათის” ჟურნალისტი: “რუსული მედიის ჟურნალისტების საქართველოში მოწვევა და მოლოდინი, რომ წასვლის შემდეგ ჩვენზე კარგ რამეს დაწერენ, ამაოა. ისინი არ არიან დამოუკიდებელი მედია-საშუალებების წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში მაინც წერენ იმას, რასაც საკუთარი ხელისუფლება უკვეთავს. ამიტომ მათ ჩამოყვანაში დახარჯული ფინანსები გადაყრილია.

რუს ჟურნალისტს, რომც უნდოდეს, თავის დამოუკიდებელ აზრს ვერ გააჟღერებს. რუსული სახელმწიფო ცენზურა მაინც იმას გაუშვებს, რაც უნდა. თუ რუს ჟურნალისტებს მართლა აქვთ იმას სურვილი, რომ ობიექტური ინფორმაცია გააჟღერონ, არავინ უდგათ წინ, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და იმუშაონ, ხელს არავინ შეუშლით. თანაც ფინანსური რესურსი რუსულ მედია-საშუალებებს ნამდვილად აქვთ, რომ თბილისში ჟურნალისტის ვიზიტი დააფინანსონ”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი თვის წინ რუსი ჟურნალისტები საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მოწვევით იყვნენ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი ჩამოყვანა იმ მომენტისთვის გამართლებული იყო.

ვანო ნონიაშვილი, პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსი: “რუსი ჟურნალისტების ჩამოყვანა პოზიტიური იყო. თანაც, ამაში დიდი ფინანსური რესურსები არ დახარჯულა, რომ სასაუბროდ ღირდეს. მაშინ ამის საჭიროება არსებობდა, რათა მათ საკუთარი თვალით ეხილათ, რა ხდება საქართველოში, პირადად მოესმინათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. დაესვათ მათთვის სასურველი კითხვები და ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ვიზიტები მართლაც მნიშვნელოვანია. თუ შესაძლებლობა არსებობს, რატომაც არ უნდა ჩამოვიყვანოთ რუსი ჟურნალისტები? ამით მათ ადგილზე გაიცნეს სიტუაცია. ჩვენ თვალყურს ვადევნებლით შემდგომ რა იბეჭდებოდა მათ მიერ საქართველოს შესახებ. მეტ-ნაკლებად პოზიტიური სტატიები იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ველოდით, რომ მხოლოდ დადებითი დაიწერებოდა. ცხადია, ვიცით, როგორ მუშაობს რუსეთში ცენზურა”.

ცხადია, დღეს, როცა საქართველო რუსული მოიერიშეების მიერ იბომბება და რუსული რეგულარული არმია ქართულ მიწაზე ქართულ ჯარს ებრძვის, ამ ჟურნალისტებს ალბათ, არც ახსოვთ, რომ ორი თვის წინ საქართველოს სიყვარულში უტყდებოდნენ.

დღეს რუსული მედია-საშუალებები ერთი დიდი პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ჭანჭიკები არიან. მანქანას კი დე-ფაქტო პრეზიდენტი პუტინი მართავს.

ახლა, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ომია გაჩაღებული სააკაშვილის ხელისუფლება არ აპირებს რუსი ჟურნალისტები თბილისში მოიწვიოს და მათ საკუთარი თვალით ადგილზე აჩვენოს, თუ როგორ ბომბავენ რუსული თვითმფრინავები საქართველოს ქალაქებს.

- “ცხადია, ამ ფონზე რუსი ჟურნალისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლის შეთავაზება არ ყოფილა. ამაზე არც ყოფილა საუბარი და ალბათ, ჩვენს შეთავაზებას არც მიიღებენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთის მედია ხელისუფლების მიერ კონტროლდება”, - აღნიშნავს ვანო ნონიაშვილი.

ნინო მიქიაშვილი: “ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და ამ რთულ ვითარებაში მუშაობენ. რუსებსაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ, როგორც ყველა მუშაობს, მათაც ისე იმოქმედონ. არა მგონია, რომ საჭირო იყოს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათთვის რაიმე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შეთავაზება. შეუძლიათ რუს კოლეგებს ჩვენთან მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი რეზონანსელი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება. ხელისუფლების ჩარევა ზედმეტია. ეს დიდი უაზრობაა. ამით ვერც ინფორმაციულ ომს მოვიგებთ, ვერც რუსი ხალხი გაიგებს, რა ხდება საქართველოში, რადგან რუსულ მედიაში მაინც გაფილტრული ინფორმაცია გავა. ისეთი როგორც კრემლს სურს”.


 


Category: | Views: 795 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017