[ლევან სეფისკვერაძე] საქართველო-რუსეთის ომის მთავარი მოვლენები 11 აგვისტოს განვითარდა, როდესაც ოკუპანტებმა ქართულ არმიაზე მასირებული შეტევა წამოიწყეს. გაარღვიეს ცხინვალისა და ზუგდიდის დაცვითი რკალი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ბლოკადა მოახდინეს.
პარალელურად, ფოთის პორტს მოადგა ორი რუსული სადესანტო გემი, საიდანაც ჩამოყვანილმა ტანკებმა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოსულ მძიიმე ტექნიკასთან ერთად, 1000 ერთეული შეადგინა.
ამ დროს საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო დოკუმენტის თანახმად, ქართული ჯარის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონებიდან უკვე გამოსული იყო და რუსებმა ფაქტობრივად უპრობლემოდ დაიკავეს ქალაქები: გორი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და ქარელი.
რუსული ჯარის ნაწილმა დასავლეთ საქართველოს ნახევარი გაიარა და შეუერთდა გორში ბაზირებულ ნაწილებს. 11 აგვისტოს ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს ღამის 2 საათისათვის თბილისში შემოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ისინი იმ მომენტში თითქოს უკვე მცხეთასთან იდგენენ, მაგრამ ჩვენმა ინფორმატორებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და გაირკვა, რომ რუსები ძირითადად კასპის, გორის და ქარელის მაგისტრალებზე და ხიდებზე იყვნენ გამაგრებულნი და წინ გადაადგილებას არ აპირებდნენ.
ღამით თბილისის დიდი ნაწილი პანიკამ მოიცვა და ბევრი ცდილობდა ქალაქიდან თიანეთისა და კახეთისაკენ გაღწევას. ამის გამო, თბილისის გზებზე საცობებიც შეიქმნა, მაგრამ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის ეს პანიკა თანდათან ჩაცხრა.
გივი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ჩვენების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსები დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მაინც შემოვიდნენ, ხალხის დიდი ნაწილი ამ დროს სარდაფებში ვიმალებოოდით. რუსების უმეტესობა ქართულ სოფლებში არ გაჩერებულა და გზა გორისკენ განაგრძეს. სოფლებში შემოვიდნენ ძირითადად კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები. კაზაკები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. ჰაერში უაზროდ ისროდნენ იარაღს, მღეროდნენ და გაქცეული ქართველების მიერ მიტოვებულ ძროხებსა და სხვა საქონელს გართობის მიზნით ხოცავდნენ. მოსახლეობის მიმართ დიდი აგრესია ნამდვილად არ გამოუჩენიათ. როგორც ჩანს, ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიცემული”
რუსი ჯარისკაცების მხრიდან მოსახლეობის მიმართ ნაკლებად აგრესიულობა ზუგდიდელებსაც უკვირდათ. ზუგდიდელი მაია რევია ამბობს, რომ ხალხის გულის მოსაგებად, თითქოს ჯარისკაცები მოსახლეობას “ბილაინის” ბარათებსაც კი ურიგებდნენ.
|