Грузия Online

Main | My profile | Log out



სავალუტო შიმშილი დაწყებულია

8:22 PM
საქართველოში სავალუტო შიმშილი იწყება. მართალია, ლარის კურსი ჯერჯერობით სტაბილუტობას ინარჩუნებს, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,4130 ნიშნულზეა, მაგრამ ქალაქში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 1,45 ლარი ღირს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი სხვაობისა, უცხოური ვალუტა სანთლით საძებარი გახდა. არც ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დოლარსა და ევროს არ ყიდის. მოქალაქეებს მხოლოდ დოლარის (ან ევროს) გადაცვლა შეუძლიათ ლარზე, ისიც შეზღუდული რაოდენობით.
საქართველოს ბანკებში ერთდღიანი იძულებითი შეფერხებაა. გუშინ შუაღამით მთავრობის მიერ მიღებული გადაწვეტილებით ქართული ბანკები ხვალამდე წყვეტენ მუშაობას. საქმე ისაა, რომ არავინ იცის საბანკო სექტორი 13 აგვისტოდან მაინც თუ განაახლებს მუშაობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა. ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ ბანკების ამუშავების თაობაზე მთავრობა გვიან ღამით იმსჯელებს და გადაწვეტილებას სიტუაციის შესაბამისად მიიღებს.
მანამდე კი ბანკებს სხვა შეზღუდვა დაუწესდა. 11-დან 18 აგვისტომდე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქართული ბანკები კრედიტების გაცემას წყვეტენ. ეს შეზღუდვა ეხება საკრედიტო ბარათებსაც. გარდა ამისა, უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბანკებმა დისტანციური მომსახურებაც შეწყვიტეს - ინტერნეტ ბანკი და მობილ ბანკი.
ანაბრების დაკარგვით შეშინებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ბანკებს მიაწყდა და საკუთარი ანგარიშებიდან ფულის გამოტანა დაიწყო. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკებმა ანაბრებზე ლიმიტი დააწესეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს არანაირი პრობლემები არ შექმნია.
- “ყველა გავრცელებული ინფორმაცია არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. ქართული ეკონომიკა და საბანკო სექტორი ძლიერია და ეს ასეც გაგრძელდება”, - აღნიშნა გილაურმა.
ქართულმა ბანკებმა, რომლებსაც კონფლიქტურ რეგიონებში ფილიალები ჰქონდათ სერიოზული ზარალი მიიღეს. ბოლო პერიოდში, კონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური პროექტების განხორციელების გამო, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა მზარდ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ხალხმა სამომხმარებლო კრედიტების მეშვეობით საოჯახო ტექნიკის შეძენა და საბანკო კრედიტებით სახლების გარემონტება დაიწყო.
შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის რეგიონში თითქმის ყოველ მეორე ოჯახს ბანკიდან სამომხმარებლო კრედიტი ჰქონდა აღებული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბანკებს გაცემული სესხების დაბრუნების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.
ქართულ სავალუტო ბაზარს კი კრიზისის ნიშნები დაეტყო. მოსახლეობამ ლარის მიმართ ნდობა დაკარგა, მყარი უცხოური ვალუტა კი გაქრა. ამგვარი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება.
თუკი დოლარსა და ევროზე მოთხოვნა გაჩნდება და ის ვერ დაკმაყოფილდება, თავისთავად წარმოიქმნება დოლარის (ან ევროს) დეფიციტი. მას ავტომატურად მოჰყვება სპეკულაციები სავალუტო ბაზარზე და “შავი ბაზრის” გაჩენა. ფინანსური კრიზისის, ისევე როგორც სხვა კრიზისების, დაძლევა კი მთავრობას არ ძალუძს.

 


Category: | Views: 1171 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024