Грузия Online

Main | My profile | Log out



არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს

1:45 AM

[ნინო ლოლაძე]
მსოფლიო 21-ე საუკუნეში შეშფოთებული უყურებს გამაოგნებელ სურათს, თუ როგორ ბომბამს რუსეთი მეზობელ პატარა ქვეყანას. ამ ფონზე კი რუსული ინტელიგენცია დუმს. არადა, ეს ის ინტელიგენციაა, რომელსაც ქართული რჩეული საზოგადოება ყოველთვის მეორე რუსეთად მოიხსენიებდა და დიდ პატივს სცემდა.

თავად რუსეთის რჩეული საზოგადოება საქართველოს სიყვარულში არაერთხელ გამოსტყდომია. თუმცა, ამ ფრაზებს ძირითადად თბილისში სტუმრად ვიზიტის დროს ამბობენ. საკუთარ ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველოსთან კავშირები აქვს გაწყვეტილი და წუხან, რომ თბილისში ჩამოსვლა სხვა ქვეყნის გავლით უწევთ. კიდევ უფრო მეტად წუხან იმის გამო, რომ მოსკოვში ქართული ღვინით გამოთრობისა და ბორჯომით “პახმელიაზე” გამოსვლის საშუალება აღარ აქვთ. ასე რომ, მხოლოდ წუხან და მათი აქტიურობა ამით მთავრდება.

დღეს კი, როცა საქართველოს ქალაქები და სოფლები იბომბება, მათი წუხილიც კი არ ისმის. მხოლოდ ყველაზე რადიკალი ლიბერალები აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას უგუნური პოლიტიკის გამო.

ინტელიგენციის თუნდაც მოკრძალებული ნაწილის მხრიდან პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლის იმედი რომ გვქონოდა, ეს უკვე ძალიან დიდი ფუფუნება იქნებოდა. როგორც ჩანს, რუსული ინტელიგენციის დიდი ფენისთვის სულ ერთია, რა მოხდება საქართველოში. ასე რომ, მითი ორი რუსეთის არსებობისა საბოლოოდ დაიმსხვრა.

“პრესა.გე” შეეცადა გაეგო, თუ რას ფიქრობენ რუსული ინტელიგენციის ასეთ მწარე დუმილზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და ასევე რიგითი ქართველები.

გია ბურჯანაძე, მსახიობი: “არც ველოდი, რომ რუსული ინტელიგენცია ხმას ამოიღებდა. ჩემთვის 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ორი რუსეთი არ არსებობს. ორი რუსეთი მართლაც რომ იყოს, საქართველოს გარეშეც ხმას აიმაღლებდენ იმაზე, რაც იქ ხდება. ეს არის ჩამოყალიბებული ფაშისტური რეჟიმი. მთელი რუსეთის ინტელიგენცია - სახელოვნობო და საგანმანათლებლო წრეები ფაშისტურ რეჟიმს ემსახურება. მხოლოდ იმის გამო არ დუმან, რომ რაღაცის შიში აქვთ. ისინი ისეთივე ფაშისტები არიან და ისევე ფიქრობენ, როგორც საკუთარი ხელისუფლება. როგორც ფიქრობს ჟირინოვსკი, რუსეთის ყველაზე საზიზღარი ადამიანი, ზუსტად ასევე აზროვნებს მთელი რუსეთი თავისი ინტელიგენციის ჩათვლით. თუმცა, კულტურა და განათლება იმის საშუალებას აძლევთ, რომ ეს ფაშისტური განწყობა ღიად არ გამოავლინონ”.

იზა ორჯონიკიძე, მწერალი: “არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს. იქ ყველა ერთნაირად უზროვნებს. რუსეთს ინტელიგენცია რომ აღარ ჰყავს, ეს უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია. რაც რუსეთის ხელისუფლებამ თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელება გადაწყვიტა და ამაზე ხმა არავინ ამოიღო, მას შემდეგ ამ ქვეყანაში ინტელიგენცია უბრალოდ არ არსებობს. როგორ შეიძლება ქვეყანაში საღად მოაზროვნე ხალხი ცხოვრობდეს და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ აიმაღლოს. მით უფრო ისეთ უსამართლობაზე, რასაც ახლა რუსეთი საქართველოში ჩადის. თუმცა, რას უნდა ველოდოთ, როცა რუსეთის ინტელიგენცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წინა ომების დროსაც ჩუმად იყო. თბილისში როცა ჩამოდიან, საკადრის საყვედურსა და სათქმელს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე. სად არიან ახლა საქართველოზე სიგიჟემდე შეყვარებული რუსი პოეტები და მწერლები? რატომ ახლა არავინ გამოთქვამს პროტესტს? პირადად მე ახლა სურვილი არ გამაჩნია, ვინმეს დავუკავშირდე მოსკოვში და არც თავად შეგვხმიანებია ვინმე. რუსების მიერ ორდენებით დაჯილდოებული ქართველი მსახიობების ადგილას კი, იმ ორდენებს უკან დავუბრუნებდი სატანას - პუტინს. პუტინი ქართველი ხალხის ჯალათია და მის სინდისზეა ის სისხლი, რომელიც ახლა ცხინვალის მიდამოებში იღვრება. ეს არის სასტიკი პოლიტიკა, მაგრამ ამ პოლიტიკას გამარჯვება არ უწერია. დადგება დრო, როცა რუსეთი იქნება იმ საზღვრებში ივანე კალიტას დროს რომ იყო. რუსეთი დაიშლება შემადგენელ ნაწილებად”.

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი: “რა ვიცი, რუსული ინტელიგენცია დღეს რატომ სდუმს. თუმცა, მათგან დიდ აქტიურობას და საპროტესტო განწყობას არც ველოდით. მათ 9 აპრილსაც არ მოკლავთ თავი საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო. არადა, თითქოს ინტელიგენციასთან ურთიერთობა კარგი გვქონდა. შეიძლება მათი დუმილის მიზეზი არის ის, რომ რუსული მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. თუ ასეა და აინტერესებთ რეალურად რა ხდება, მაშინ უნდა დარეკონ, გვკითხონ. ძალიან საწყენია, რომ ასე დუმან. როგორც ჩანს, მან შიში აქვთ. ზოგი წლოვანია, ზოგი თავის კარიერას უფრთხილდება და ჩვენს გამო პრობლემებს არ შეიქმნის. მაგრამ რუსები რასაც არ უნდა ფიქრობდნენ, სიმართლე ჩვენს მხარეს არის, საკუთარ მიწას ვიცავთ. სხვისი არაფერი გვინდა. ჩვენ რაც გვეკუთვნის, უნდა დავიბრუნოთ. ჩვენს რუს კოლეგებს მოვუწოდებდი, რომ სიმართლისთვის ხმა ამოეღოთ.

დოდო ჭიჭინაძე, მსახიობი: “რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და იქ აუარებელი განსხვავებული აზრისა და შეხედულების ხალხია. ყველამ იცის, რომ რუსული ინტელიგენცია ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მათ აზრს არავინ ეკითხება. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსული ინტელიგენცია ხმას ამოიღებდა საქართველოს წინააღმდეგ მათი ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიაზე, მაგრამ მხოლოდ დუმილია, რა ხდება, ვერ გავიგე. ფიზიკურად რომ შემეძლოს პირადად მოვუწოდებდი ყველას, რომ გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან. სამარცხვინო ამბავია, რაც დღეს ხდება”.

ზვიად გელაშვილი, მოქალაქე: “შეიძლება შემოქმედებითი თვალსაზრისით რუსეთს ცუდი ინტელიგენცია არ ჰყავდეს, მაგრამ ყოველთვის რუსულ იმპერიალიზმს გარკვეულ იდეოლოგიურ დასაყრდენს რუსული ინტელიგენცია უქმნიდა. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც და ამჟამად კრემლის მთელი იმპერიალისტური პოლიტიკა პრინციპში იდეოლოგიურ დასაყრდენს ზუსტად რუსულ ინტელიგენციაში ხედავს. ჩემთვის გაუგებარია, მაპატიეთ და ასეთი ცვედნური ურთიერთობა ჩვენი ინტელიგენციისა რუსულ ინტელიგენციასთან. მე არ ვსაუბრობ, რომ მათ შორის ღია კონფრონტაცია უნდა იყოს, მაგრამ თუკი ასეთი კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, მოუწოდოს ჩვენმა ინტელიგენციამ რუსებს, რომ დააფიქსირონ თავისი სამოქალაქო პოზიცია და მათ მოთხოვონ თავის ხელისუფლებას გარკვეული ქმედებისგან თავშეკავება. თუმცა, ჩანს, რომ ჩვენი ინტელიგენცია რუსულ ინტელიგენციას ისევ უფროსი ძმის კონტექსტში უყურებს. ხშირად ასე მგონია, რომ ჩვენი ინტელიგენცია თავისი თავის რეალიზებას ახდენს რუსულ ინტელიგენციასთან ურთიერთობებში. როცა ჩვენ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, საზოგადოებას სამოქალაქო გმირობის მაგალითები “ელიტამ” უნდა მისცეს. ჩემთვის ძნელია, ახლა “ელიტას” რაღაც ვუსაყვედურო. თუმცა, ცოტა არ იყოს ჩვენი ინტელიგენცია ერის კულტურულ-სულიერი ლიდერის ფუნქციებს ვერ ტვირთულობს. თანაც საკითხავია, არის კი ეს ხალხი ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ჩვენთან ინტელიგენციად არის აღიარებული”?

ამირან ძოწენიძე, მოქალაქე: “ინტელიგენცია წმინდა წყლის რუსული მოვლენაა. ინტელიგენცია სჭირდებოდა იმპერიალისტურ სისტემას. ხელისუფლება ცდილობდა გვერდით ჰყოლოდა ხალხი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სხვის გონებაზე. ინტელიგენცია არ ნიშნავს ინტელექტუალებს. რუსეთში ცხადია, ჰყავთ ინტელექტუალური ნაწილი, მათგან ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას. ამ დღეებში რამდენიმე ადამიანის მოსაზრება წავიკითხე საქართველოს მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას ჩირქვს სცხებს ასეთი ქმედება. რუსი ინტელექტუალების ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი, ნაწილი ნეიტრალურია. თუმცა, აქტიურობას მათი მხრიდან არც უნდა მოველოდეთ. იგივეა ჩვენი ინტელიგენციაც. როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა: ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ეს ინტელიგენცია იქნება, რადგან ისინი თავს ხალხად მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაში გრძნობენო. ამ ხალხის უმრავლესობა ნასხლეტია საბჭოთა კავშირის და ინტელიგენცია, როგორც ფენა არ არსებობს. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავის დროზე პრივილეგირებული იყვნენ და თავის თავს აძლევენ უფლებას, რომ თავი ფენად წარმოიდგინონ, რადგან ინტელექტუალური შრომით შოულობენ ფულს. თუმცა კიდევ საკითხავია, არის კი მათი შრომა ინტელექტუალური. ძველი თაობის ბევრი წარმომადგენელი იმიტომაც არის რუსების მიმართ მოწიწებით, რომ თავადაც რუსული მოვლენაა. დროთა განმავლობაში ასე მოაზროვნე ხალხი გადაშენდება”.


 


Category: | Views: 719 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017