Грузия Online

Main | My profile | Log out



თბილისმა პოლიტიკური ფრონტის ხაზი გახსნა

0:28 AM
ეჭვის შეტანა აღარც ღირს. რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის ემზადება. მედვედევმა სარკოზისთან ერთად გამართულ პრესკონფერეციაზე ღია მინიშნებები გააკეთა და კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა. მან თქვა, რომ მსოფლიო რუკაზე ახალი სახელმწიფოები ჩნდება, მაგალითად, კოსოვო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობა კი ამავე კონტექსტში არ უხსენებია. მედვედევმა მხოლოდ აღნიშნა: უნდათ თუ არა აფხაზ და ოს ხალხებს საქართველოსთან ერთად ცხოვრება, ეს მათ უნდა ვკითხოთ და არა რუსეთს ან სხვა რომელიმე ქვეყანასო. ამ სხვებში კრემლის პირველმა პირმა, ბუნებრივია, დასავლეთი იგულისხმა.
მოსკოვი უკვე დიდი ხანია სეპარატისტულ რეჟიმებს მხარს უჭრს და მათი აღიარებითაც იმუქრება. შემთხვევითი არ არის, რომ გაეროშიც, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზეც და ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებშიც კრემლი იმეორებს ტერმინს "გენოციდი~, რომელიც თითქოს საქართველომ ოს ხალხს მოუწყო. სწორედ ამ ტერმინს გამოიყენებს მოსკოვი ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად და ცხინვალის აღიარების პროცედურას დაიწყებს. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს დიპლომატიურად შეახსენა, რომ გენოციდს ჯერ შესწავლა და შემდეგ დამტკიცება სჭირდება და რომ ამისთვის არსებობს საგანგებო საერთაშორისო სტრუქტურები, ისეთი, როგორიც არის საერთაშორისო სასამართლო.
თბილისმა კი პოლიტიკური ფრონტის ხაზი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "საბოლოოდ ვემშიდობებით საბჭოთა კავშირს~. ბოლო ნაბიჯად დსთ-იდან საქართველოს გამოსვლა დასახელდა. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო დსთ-ს დატოვებს.
"რამდენიმე წელიწადს ვიცავდი საქართველოს დსთ-ში ყოფნის აუცილებლობას, - აღნიშნა `ჯი-ეიჩ-თან~ საუბარში დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, - თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ ეს დროული და სწორი გადაწყვეტილებაა. უკვე დიდი ხანია მოსკოვი თავადვე არღვევდა დსთ-ის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად: დსთ-ის ფარგლებში თუ რომელიმე ქვეყანაში გაჩნდებოდა სეპარატისტული რეჟიმი, მისთვის დსთ-ის არც ერთ სახელმწიფოს მხარი არ უნდა დაეჭირა. რუსეთი აფხაზეთსაც უჭერდა მხარს და ყარაბახსაც... მეტიც, არსებობდა პრემიერ ჩერნომირდინის საიდუმლო გეგმა, საიდანაც ნათლად ჩანდა, რა ეკონომიკურ დახმარებას უწევდა აფხაზეთი რუსეთს"... - აღნიშნა პეტრე მამრაძემ
შეგახსენებთ, რომ დსთ-ში საქართველო ოფიციალურად 1994 წელს შევიდა, როცა პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტმა შევარდნაძემ დოკუმენტს ხელი მოაწერა. თუმცა, თბილისისგან დსთ-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვმა თითქმის ერთი წლით ადრე მიიღო - აფხაზეთისა და ცხინვალის დაბომბვის ფონზე. და ახლა სწორედ ამ ტერიტორიების დაბომბვის ფონზე უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი დსთ-იდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს.
"დსთ-ის წევრი ერთი ქვეყანა ახორციელებს მეორე წევრზე აგრესიას და თავს ესხმის მას. რა თქმა უნდა, ამ პირობებში დსთ-ში დარჩენა აზრს კარგავს", - აცხადებს პეტრე მამრაძე.
სააკაშვილს ბრძოლის სიმძიმე პოლიტიკურ ასპარეზზე გადააქვს. არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება დასავლეთთანაც ჰქონდა შეთანხმებული. თუმცა ექსპერტი შალვა ფიჩხაძე აცხადებს, რომ "სააკაშვილი უბრალოდ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, მერე ოპოზიციას მისთვის რომ არ ესაყვედურა: აი, დსთ-იდანაც კი არ გამოვედითო... დსთ-იდან გამოსვლა იმ შემთხვევაში დაგვაზარალებს, თუ ქვეყანა დსთ-ის სხვა ქვეყნებთან ორმხივ ეკონომიკურ შეთანხმებებს ვერ მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ დსთ-ის ფარგლებში მნიშვნელოვანია რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის შეთანხმება, მათ შორის: საბაჟო ურთიერთობების, თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დსთ-იდან გამოსვლის შემთხვევაში ყველაზე პრობლემური იქნება ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს და დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ხელშეკრულებებს აფორმებს. ასე რომ, მათი ვარაუდით, დსთ-იდან გამოსვლა ეკონომიკას არ დააზარალებს. საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასთან უჭირდა საერთო ენის გამონახვა, მათ შორის იყვნენ ბელორუსია, მოლდავეთი და თურქმენეთი.
თავის დროზე, როცა რუსეთმა პირველად დაუწესა საქართველოს ემბარგო და თბილისთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტა, სააკაშვილმა პრემიერ ნოღაიდელს დსთ-იდან გასვლისთვის მზადება დაავალა. მთავრობას სწორედ ორმხრივი ხელშეკრულებების დადება დაევალა. ქვეყნას ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო დსთ დაეტოვებინა, მაგრამ ისევ პოლიტიკურ ფაქტორებს გაუწიეს ანგარიში. ახლა ეს ფაქტორები აღარ არსებობს.
დაბომბვა შეწყდა, თუმცა ჯერ როგორც მოსკოვის, ისე თბილისის პოლიტიკურ ლექსიკონში მუქარანარევი ტერმინები გამოჩნდება. მოსკოვი ხშირად იმეორებს სიტყვას "გენოციდი~, თბილისი კი - "ანექსია~. ექსპერტი შალვა ფიჩხაძე აცხადებს, რომ "მოსკოვი მოითხოვს იმდენს, რამდენის უფლებასაც მას დასავლეთი მისცემს~. ამ კონტექსტში საინტერესოა მედვედევის მკაცრი ტონით გაკეთებული განცხადება: რუსეთის სამშვიდობოები იყვნენ და დარჩებიან კონფლიქტის ზონაშიო. მოგვიანებით მას მეთიუ ბრაიზამ უპასუხა: `რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან~.
ასე რომ, დასავლეთი არ აპირებს დათმობებზე წასვლას. კრემლს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებაც არ მისცეს. როცა კონდოლიზა რაისმა ივანე ლავროვს დაურეკა, ლავროვმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. ეს თითქოს მხოლოდ რუსეთ-ამერიკის ფარული შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ "შეთქმულებას~ ვაშინგტონი არ დასთანხმდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასავლეთი ასეთი გარიგებებისგან საქართველოს ხელისუფლებას დაიცავს, ანუ მოსკოვი ვერ წამოაყენებს პრეტენზიებს იგორ გიორგაძის ან ვარდიკო ნადიბაიძის მსგავსი პირების აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშნვასთან დაკავშირებით.
"ეს ყველაფერი გავიარეთ და წარსულს ჩაჰბარდა, - აღნიშნავს პეტრე მამრაძე, - შევარდნაძეს რუსეთი არწმუნებდა, რომ თუ ის უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძეს დანიშნავდა, იმ შემთხვევაში დაგვეხმარებოდა. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო და შევარდნაძე ასეთ დათმობაზე წავიდა... და რუსეთი მართლაც დაგვეხმარა, ოღონდ 29 აგვისტოს ტერაქტის მოწყობაში, როცა შევარდნაძის ლიკვიდაცია სცადეს. მაშინ ურთულესი დრო იყო, ახლა ეს დრო წარსულს ჩაჰბარდა და აღარ განმეორდება...

 


Category: | Views: 1018 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 georgia  
0
თბილისმა პოლიტიკური ფრონტის ხაზი გახსნა

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024