[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის ექს-პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყიფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებით ფინანსურად, საგარეო პოლიტიკური და მორალური დანაკარგის კუთხით რუსეთი საქართველოზე მეტად დაზარალდა.
- ”ბრწყინვალედ გათამაშებულ პროვოკაციულ ომში რუსეთი საქართველოზე მეტად დამარცხდა. საქართველოში კრემლის მიერ სამხედრო მოქმედებების განხორცილების გამო რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ექცევა. ამასთან, მოსკოვმა სამხედრო ოპერაციით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ვერ მიაღწია, ხოლო საქართველოს ნატო-ში სწრაფვას რაც შეეხება, სამხედრო ოპერაციის შემდეგ ნატო-ში საქართველოს სასარგებლო ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ ომის წაგებას ისიც მოწმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრესორად რუსეთს თვლის, რომელმაც თავისი შეიარაღებული ძალები შეიყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს.
- ”რუსეთი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ექცევა. მის მოქმედებას მხარი არ დაუჭირეს ვენესუელამ, ირანმა, უზბეკეთმა და ბელორუსიამაც კი. მოსკოვის მიერ საქართველოს ინტერვენციას ღიად მხარი მხოლოდ კუბამ დაუჭირა. პოლიტიკური რვიანი პრაქტიკულად შვიდეულად იქცევა”, - დასძინა პუტინის ყოფილმა მრჩეველმა.
მისივე შეფასებით, ”რუსმა ძალოვანებმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაცია ისევე დაგეგმეს და განახორციელეს, როგორც ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ ბასაევმა დაღესტანში თავისი ლაშქრობა”.
|