Грузия Online

Main | My profile | Log out



მიხედეთ დევნილებს!

11:01 PM
 
მინის ნამსხვრევები, ბარიკადები, უსარგებლო ფიცრები და უხვად მიმოფანტული ნაგვის ნარჩენები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, გაფუჭებული ონკანები და ელექტროენერგია - ეს ყოფილი “ზაკვოს” თუ ყოფილი სასამართლოს შენობის, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, “ღირსებათა” მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სწორედ ამ ათსართულიან უმოქმედო ნაგებობაში უკვე 2 დღეა, 200-მდე დევნილი საკუთარი ინიციატივით შევიდა და დახმარების მოლოდინში ღია ცის ქვეშ ღამეების თენებას ისევ მინებჩამსხვრეულ და ნაგვით სავსე ოთახებში პირდაპირ ცივ იატაკზე დაფენილ გაზეთებზე ძილი არჩია.
მართალია, გორსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენების მნახველთ აღარაფერი აკვირვებთ, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვებით ჩამოსული ოჯახების პანიკის საფუძველს ახლა ის ქმნის, რომ შენობაში რამდენიმე უფუნქციო ლიფტის შახტაა, რომელთა სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს და სიბნელეში მათი შემჩნევა, ფაქტიურად, შეუძლებელია, ხოლო “ზაკვო”-ს პირველ და მეორე სართულზე, სადაც, თავის დროზე, თურმე, რადიოაქტიური ნივთიერებები ინახებოდა, რამდენიმე წუთის მანძილზე გაჩერება კვლავ სახიფათოა, რადგან სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას იწვევს.
სხვათაშორის, დევნილთა შეშფოთება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, ეს ინფორმაცია მათ თბილისის მერიის წამომადგენლებმა თავად მიაწოდეს. ლტოლვილთა თქმით, მათთან, შენობის დაკავებისთანავე, მერიიდან რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებმაც სიტუაცია ადგილზე შეიწავლეს და გარკვეული რაოდენობის პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტი მიიტანეს.
თავშესაფრად გამოსადეგი სართულების გადანაწილება დევნილებს თავად მოუხდათ, ადგილის დასაკუთრების ფორმად კი ასეთი რამ მოიფიქრეს - ოთახი მავთულით გამოკეტეს, ზედ ცისფერი ცარცით წააწერეს: “დაკავებულია”, თითოეულ კარს კი შესაბამისი გვარი და ოჯახის წევრთა რაოდენობა მიუთითეს.
მართალია, “ვერსიას” სასამართლოს შენობის მკვიდრთა უმეტესობა სააკაძის მოედანზე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის წინ სარეგისტრაციოდ გაკრეფილი დაუხვდა, მაგრამ იქ დარჩენილ 30-მდე დევნილთან გასაუბრება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმის გასარკვევად, თუ რა ესაჭიროებათ, პირველ რიგში, ამ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს და რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის მიერ გაწეული დახმარება მსგავს საგანგებო ვითარებაში, როდესაც ყველა ოფიციალური სტრუქტურა დაძაბულ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და, შესაძლოა, ძველი სასამართლოს შენობაში თავშეფარებული 200-მდე ლტოლვილი, უბრალოდ, დასახმარებელი პუნქტების სიის ბოლოს აღმოჩნდა.
ნუნუ ჭოველიძე, ცხივალის რაიონი, სოფელი ქურთა: სოფელ ქურთიდან ვარ, ცხინვალის რაიონიდან, ქურთის საავადმყოფოს ექიმი, იქაურობა ბოლოს ჩვენ დავტოვეთ და დაჭრილებთან ერთად წამოვედით, მთელი თბილისი მოვიარეთ და თავშესაფარი ვერსად ვიპოვეთ, ამიტომ აქ შემოვედით.
ეს მიტინგები რომ კეთდება და მანქანებით რომ დარბიან დროშებიანი ახალგაზრდები, ჯობია, აქ მოვიდნენ და აქაურობის მოწესრიგებაში, ელემენტარული საარსებო პირობების შექმნაში დაგვეხმარონ. ჩვენთვის ძალიან ძნელია ასეთი ფიზიკური მუშაობა, ჯერ ისედაც ტრამვირებულები ვართ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გვჭირდება, ამდენი რამე გადავიტანეთ და ყველაფერი, რაც ამ ხნის მანძილზე შევქმენით, იქ დავტოვეთ.
ამჟამად, პირველ რიგში, რა გესაჭიროებათ?
- ამ ტერიტორიის დასუფთავება, სინათლის, წყლის, კანალიზაციის პრობლემის მოგვარება და სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობის საგნები, პირი რომ დავიბანოთ, რომ დავწვეთ და დავიძინოთ, ჩაი რომ დავლიოთ და პური შევატანოთ.
ვინმე თუ გამოგეხმაურათ და სხვა შემოთავაზება თუ მიიღეთ?
- 2 დღეა შემოსულები ვართ და ჯერ-ჯერობით, სარეგისტრაციოდ არავინ გამოგვხმაურებია, ჩვენ თვითონ წავედით, დავრეგისტრირდით, მაგრამ იმ დარეგისტრირების მერეც არაფერი არ უთქვამთ, ვისაც შესთავაზეს და წაიყვანეს, ყველა უკან დაბრუნდა, ისეთი ცუდი პირობები იყო. ჩვენ ეს დანგრეული ოთახები ღია ცის ქვეშ ყოფნას ვარჩიეთ და აქ ვართ, ძალიან კარგად იცით, რომ მერიის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაათენა გუშინდელი ღამე.
ლალი კილაძე, სოფელი ხეითი: სოფლიდან მშიერ-მწყურვალები ვართ გამოსული, ტანსაცმელი ჩვენ არ გვაქვს, წამალი ჩვენ არ გვაქვს, იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ საჭმელი ვიყიდოთ, წუხელის, მერიიდან 2 კაცი იყო მოსული, ოთახები აღწერეს, საჭმელი მოგვიტანეს, მეტი არაფერი. გუშინ იყო შემოთავაზება ბორჯომზე, მაგრამ ლტოლვილებით გაივსო უკვეო, ადგილები აღარ ყოფილა, მაგრამ ჩვენ საქმე არჩევანზე არ გვაქვს და ყველაფერზე თანახმა ვართ, რა თქმა უნდა.
ლეილა ბაბუციძე, ცხინვალის რაიონი, სოფელი ერედვი: მთელი სოფელი ძალიან ცუდ დღეშია, დაცლილია, მიცვალებულია ძალიან ბევრი, სახლები მთლიანად განადგურებულია, არცერთს ბინა აღარ გვაქვს, როგორც, გვხედავთ, ასე, უკაპიკოდ გამოვედით და 2 დღეა, დავიკავეთ ოთახები ნაგავში, საცოდავად. ახალ ამბებს ვუსმენთ, რაღაცის იმედით და, ვითომ, ის ტერიტორია საერთოდ არ არსებობს. იცით, რა არის, გვიჩვენებდნენ, კოკოითი ქალებს და ბავშვებს როგორ დაეხმარა და ჩრდილოეთისკენ გაჰყავდა, ჩვენ კი ვისხედით სახლებში ამათ იმედად და არ გამოვდიოდით, მაგრამ იმ სახლსაც დავთმობ და არ ვინერვიულებ, რადგან ცოცხალი გადავრჩი, ჯანდაბას, ის ყველაფერი, თუკი საქართველოს კეთილდღეობისთვის რაღაცა გაკეთდება, ჩემი ყველაფერი მსხვერპლი იყოს ჩემი ქვეყნისთვის.
“ვერსია” დარეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობის დასადგენად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პარლემენტის წევრს, კობა სუბელიანს ესაუბრა, რომელმაც საგანგებოდ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული რიცხვობრივი მონაცემები მუდმივად იცვლება და მათზე დაყრდნობით რეალური ვითარების ასახვა შეუძლებელია.
კობა სუბელიანი: არის კატეგორია მოსახლეობისა, რომელიც ნათესავებთან არის შესული და ჩვენთან ჯერ კონტაქტზე არ გამოსულა, აქედან გამომდინარე, მათი აღწერა ვერ ხერხდება. მაგრამ გარკვეული რაოდენობა უკვე აღწერილიც გვყავს და, ასე ვთქვათ, შესახლებულიც.
ამ აღწერის მიხედვით, რამდენი ლტოლვილია შესახლებული?
- 2500 კაცი უკვე დაწმენდილია, რომლებზეც უკვე, ზუსტად ვიცით, რომ ისინი აღარ განიცდიან მიგრირებას. ისინი არიან სხვადასხვა საბავშვო ბაღებში და ა.შ.
რაც შეეხება ლტოლვილების იმ ჯგუფს, რომელმაც მერიის საქალაქო სამსახურის წინ სარეგისტრაციოდ თავი დილიდან მოიყარა, “ვერსიასთან” საუბრისას რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ ღია ცის ქვეშ, შენობასთან ღამისთევის მიუხედავად, მათთვის რეალური შემოთავაზება არავის გაუკეთებია, იმ მიზეზით, რომ თბილისში შესასახლებელი ფართი აღარსად დარჩა.
ნინო გვიმრაძე, გორის რაიონი, სოფელი კარბი: ”ჩვენი სოფელი გადამწვარია, მიცვალებულები, ვინც იყვნენ, სახლის ეზოებში დავმარხეთ, მერე, ძლივს გორამდე ფეხით ჩამოვედით და თბილისში გამოვიქეცით. აი, მობრძანდით და გადაიღეთ, ასე გვეუბნებიან, არც საბავშვო ბაღი არსებობს, არც სკოლა და არც არაფერი, რომ დაგაძინოთო. მერიის სამსახურის წინ ვდგევართ, შევედით კიდეც, მაგრამ გარეთ გამოგვყარეს, ახლა ველოდებით, რომ ერთ ოჯახს ერთი ოთახი მოგვცენ, სხვა არაფერი გვინდა”.

 


Category: | Views: 1144 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 georgia  
0
martla yvelas gtxovt visac shegidzliat daexmarot devnilebs me da chemi mezoblebi vexmarebit sakvebit da tansacmlit yvelas gtxovt cot cota miawodot dzalian did gansacdelshi arian didi ambavi gadaxdat win me magrrad mecodebian cry cry cry .. imedia yvelaferi kargad iqneba gmerti faravdes sruliad saqartvelos

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024