დღეს სოჭში, დიმიტრი მედვედევთან შესახვედრად ჩაფრინდება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ეს შეხვედრა კონფლიქტის დაწყებამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ განვითარებულ მოვლენათა გამო, გერმანიისა და რუსეთის პირველი პირების საუბრის მთავარი თემა, რუსულ-ქართული კონფლიქტის დარეგულირების გზები და შესაძლებლობები იქნება.
"უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შეხვედრის პროგრამის შეცვლა გვაიძულეს. ყურადღების ცენტრში რუსულ-ქართული კონფლიქტი იქნება. გერმანიის კანცლერი ეცდება განუმარტოს მედვედევს, რომ კონფლიქტი შეიარაღებული სამხედრო ძალების მეშვეობით არ დარეგულირდება. საჭიროა პოლიტიკური და დიპლომატიური მოლაპარაკებები, რათა რეგიონში მშვიდობა დამყარდეს", _ განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თომას შტეგმა.
გერმანია მხარს უჭერს საფრანგეთის მთავრობის მიერ, კონფლიქტის დასარეგულირებლად შემუშავებულ, ექვსსაფეხურიან გეგმას.
"გერმანიის მთავრობამ, სამხრეთ ოსეთიდან დევნილების დასახმარებლად, უკვე გამოყო ერთი მილიონი ევრო. თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენი ქვეყანა მზადაა ჰუმანტარული დახმარება კიდევ დაამატოს", _ განაცხადა თომას შტეგმა.
მერკელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს სურვილი აქვს, მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოსაც ეწვიოს.
|