Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთი ცდილობს საქართველო და უკრაინა ირანში გაცვალოს

6:05 PM
რუსი ექსპერტები ავრცელებენ ვერსიებს, რომ თითქოსდა პეკინში ბუშისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველო და უკრაინა ირანში გაიცვალა. თითქოსდა, ეს ვერსია მართლდებოდა, რუსეთმა დაბომბა საქართველო და მოაწყო ეთნიკური წმენდა კოდორსა და სამაჩაბლოში, აშშ-ს პრეზიდენტი კი ზოგადი ფრაზებით საუბრობდა.
13 აგვისტოს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჯორჯ ბუშის უმკაცრესი გამოსვლის შემდეგ - თავდაცვის მინისტრ გეიტსისათვის საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთის უზრუნველყოფის დავალებამ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების თეორიის მომხრეებს საფუძველი გამოაცალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუშის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა აირჩიოს და მხარი დაუჭიროს “ვირტუალურ პროექტ საქართველოს” თუ მიიღოს რუსეთის მხარდაჭერა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებში. ცხადია, რუსეთი მიანიშნებს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ამერიკულ საზღვაო ბლოკადაზე და ცდილობს, ირანის “გაყიდვის” სანაცვლოდ, საქართველოსა და უკრაინაში “კარტ-ბლანში” მიიღოს.  
საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს ხომალდები ირანისკენ მიემართებიან
როგორც გამომცემლობა “მიდლ ვესტ ტაიმსი” იტყობინება, სპარსეთის ყურისკენ მიემართება აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მსხვილი სამხედრო-საზღვაო შენაერთები. მათი მისვლის შემდეგ, იქ აღმოჩნდება აშშ-ს ხუთი ავიამზიდი, რაც მშვიდობიანობის დროს არასოდეს მომხდარა.
კონკრეტულად, სპარსეთის ყურისკენ მიცურავს აშშ-ს ავიამზიდები “თეოდორ რუზველტი”, “რონალდ რეიგანი” და ვეტრმფრენმზიდი “ივოძიმა”. ისინი შეუერთდებიან იქ უკვე მყოფ “აბრაამ ლინკოლნს” და “პელეილუს” (იგი წითელ ზღვას აკონტროლებს). “თეოდორ რუზველტზე”, გარდა აშშ-ს 80 თვითმფრინავისა, განლაგებულია საფრანგეთის საჰაერო ძალებიც. ისინი ავიამზიდ “შარლ დე გოლიდან” მოხსნეს, რომელიც წვრთნებზე მიღებული დაზიანების გამო,  მშრალ დოკში იქნა გადაყვანილი. გარდა ამისა, ორმუზის სრუტისაკენ მიეშურება ბრიტანული ავიამზიდი “არკ როიალი” და რამდენიმე ფრანგული სამხედრო ფრეგატა, იმავე კურსით მიდის ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი “ამეთვისტო”.
აშშ-ს სამხედრო უწყება ამ ფაქტებზე კომენტარს არ აკეთებს. ცნობილი ხდება ასევე, რომ ქუვეითმა ძალაში შეიყვანა ომის მდგომარეობისათვის შესაფერისი პროგრამა.
აშშ-ს ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტები ერთობლივ წვრთნას გადიოდნენ ამერიკის სანაპიროსთან ატლანტიკის ოკეანეში. მათი მიზანი იყო ირანის სანაპიროს ბლოკადის შემუშავება. “ოპერაცია ბრიმსტორნი” 21 ივლისიდან 31 ივლისამდე გრძელდებოდა. მასში საფრანგეთი, ბრიტანეთი, აშშ და ბრაზილია მონაწილეობდნენ.
ასეთი ფლოტილიის სპარსეთის ყურეში განლაგების მიზეზს ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქარა წარმოადგენს. მისი გავლით მსოფლიო ნავთობის 25%-ს იღებს და ირანი, თავდასხმის შემთხვევაში, სწორედ ამ სრუტის ბლოკადით იმუქრება. ამ ინფორმაციებს ადასტურებს ისრაელის საინფორმაციო სააგენტოებიც.
თუკი ირანი განახორციელებს თუნდაც უმცირეს ძალისმიერ აქციას, ისრაელის თვითმფრინავები შეტევას მიიტანენ ირანის ბირთვულ ობიექტებზე და, მასშტაბური ომის დაწყების შემთხვევაში, ავიამზიდებზე განლაგებული საჰაერო ძალები მთლიანად გაანადგურებენ ირანის ინფრასტრუქტურას. ისრაელის ინტერნეტსაიტები ასევე იუწყებიან, რომ საქართველოსთან ომით გართულმა რუსეთმა მხედველობიდან გაუშვა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ფლოტის გაგზავნის მომენტი.
ეს ინფორმაცია დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება. გაჩნდა ვერსია, რომ პეკინში, პუტინსა და ბუშს შორის შედგა ფარულ გარიგება, რომელიც მიღწეულ იქნა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის მონაწილეობით.
ასეთივე სახის შეთანხმებები შედგა 1990 წლის ბოლოს სსრკ-სა და აშშ-ს შორის. მაშინ ახლანდელი პრეზიდენტის მამა მზად იყო, დაეხუჭა თვალები საბჭოთა კავშირის ქმედებებზე ბალტიისპირეთში, ერაყთან ომის დაწყებაში მხარდაჭერის სანაცვლოდ. სსრკ-მ მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოზე ერაყის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, მაგრამ გორბაჩოვის გუნდმა სამხედრო პუტჩის გამო ვერ მოასწრო ბალტიისპირეთში აგრესიის განხორციელება და მომენტის გამოყენება.
როგორც კულუარული ინფორმაციებით ირკვევა, პუტინი და “კაგებეშნიკური” წრეები ბოლო მომენტამდე ყოყმანობდნენ, იმის თაობაზე, სად ჩაეტარებინათ ძალისმიერი აქცია.
პირველი ვარიანტი - კადიროვი
რუსები გეგმავდნენ, ჩამოეშორებინათ მეტისმეტად დამოუკიდებელი რამზან კადიროვი, რის შემდეგაც სასტიკად “გაეწმინდათ” ჩეჩნეთი და ინგუშეთი. ამ კონტექსტში საინტერესოა, ახლახანს გავრცელებული ხმები ფსბ-ს მონაწილეობით კადიროვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. თუმცა იგი უშედეგოდ დასრულდა.
ცნობილი ხდება, რომ პუტინმა მხარი არ დაუჭირა კადიროვის დასჯის გეგმას. იგი სულ აცხადებდა, რომ კადიროვი მისი მეგობარია, რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გასწირა ბატალიონ “ვოსტოკის” შენაერთი და მისი მეთაური იამადაევი, რომელსაც მან რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ამჟამად იამადაევი და მისი ხალხი იმალება და მასზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული.
მეორე ვარიანტი - სევასტოპოლისა და ყირიმის დაპყრობა
იგი რამდენიმე მიზეზის გამო გადაიდო. ყირიმში, გარდა უკრაინის სამხედრო შენაერთებისა, იმყოფება ყირიმელი თათრების ნახევრადგასამხედროებული ნაწილებიც და მათ 40 ათასი მებრძოლის მობილიზაცია შეუძლიათ.
ნახევარკუნძულზე ასევე შესაძლებელია, ოპერატიულად ამავე რაოდენობის მოხალისეთა ჩამოყვანა დასავლეთ უკრაინიდან. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ უკრაინას აქვს რადიოლოგიური და, შესაძლებელია, ბირთვული იარაღი. აქვს მათი გადატანის საშუალებები და ჰყავს ადამიანები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში მათ გამოიყენებს.
მესამე ვარიანტი - თავდასხმა საქართველოზე
როგორც ყველაზე სუსტი რგოლი, ძალისმიერი აქციის დემონსტრაციისათვის ამორჩეული იქნა საქართველო. პუტინი სააკაშვილს ვერ იტანს. თავდაპირველი გეგმით ომი უნდა დაწყებულიყო აფხაზეთში, კოდორის ხეობაზე თავდასხმით, მაგრამ საფრანგეთისა და გერმანიის მიერ სამშვიდობო გეგმების წარდგენისა და დიპლომატიური აქტიურობის გამო, ბოლო მომენტში გადაიდო.
ამის შემდეგ გაჩნდა პაუზა, რითაც ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა და აიძულა მოსკოვი ინფორმაციული მომზადების გარეშე ჩაბმულიყო ომში. შედეგად, საინფორმაციო ომი მოსკოვმა წააგო. კონფლიქტი მსოფლიომ აღიქვა, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი.
უცხოელი ექსპერტების აზრით, მოვლენათა შემდეგი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად შეტოპავს რუსეთი საქართველოში და აშშ - ირანში. თუ საქართველოს პრობლემა რუსეთმა მალე “დაამთავრა”, აშშ კი ირანში ხანგრძლივად “გაიჭედა”. რუსეთის მეორე მსხვერპლი უკრაინა იქნება.
ასეთივე პოზიცია უკავია გაეროში აშშ-ს ყოფილ ელჩს, ბარაკ ობამას გამარჯვების შემთხვევაში კი - აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივანს რიჩარდ ჰოლბრუკს.
იგი თვლის, რომ რუსეთმა პროვოცირება მოუწყო საქართველოს და მიზანმიმართულად დაამთხვია ძალისმიერი აქცია ოლიმპიადას.
“რუსეთს უნდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გადაგდება და მათ ამოძრავებთ, პირადად, სააკაშვილის ზიზღი. არავის არ უნდა ცივი ომი, მაგრამ რუსეთი შეიჭრა მეორე სუვერენულ სახელმწიფოში. პირადად მე, გაოცებული დავრჩი, როცა ბუში გადაეხვია პუტინს და ასე მიესალმა ოლიმპიადაზე..… ესაა ისტორიული პროპორციების ტრაგედია, პუტინის შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნება, მაგრამ იქ იგი ვერ გაბედავს ანალოგიურად მოქცევას, რადგან საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონია უკრაინის - 50.” განუცხადა სი-ენ-ენ-ს ჰოლბრუკმა.
უკრაინელი ექსპერტი ვლადიმერ ფილინ: “პუტინი, როგორც ჰიტლერი 1930-იანი წლების დასაწყისში, გათავხედდა დაუსჯელობისაგან. ამიტომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამასთან დაკავშირებით უაზრობაა უკრაინისთვის ვინმეს დახმარების იმედი და რაიმეს ლოდინი. უნდა ვიმოქმედოთ დასწრებაზე და ვაიძულოთ რუსეთი, უკან დაიხიოს.”
როგორც მკითხველი დარწმუნდა, მსოფლიო საზოგადოება ნელ-ნელა ათვითცნობიერებს საქართველოში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებსა და დეტალებს. დიდი სახელმწიფოები თავიანთ ბედნიერებას ყოველთვის სუსტების ხარჯზე აწყობენ, მაგრამ დღეს თითქმის ყველა საუბრობს იმაზე, რომ თუ მსოფლიო არ დაიცავს საქართველოს, ხვალ იქნება უკრაინა, მერე ბალტიისპირეთი და, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომიც რეალობა გახდეს.
ბუშის ბოლო გადაწყვეტილებების შედეგად ირკვევა, რომ კონკრეტული შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს შორის არ ყოფილა და პუტინის გუნდი ცდილობდა, გამოეყენებინა მომენტი, როცა აშშ მთლიანად დაკავებული იყო ირანის პრობლემით. რუსეთმა ზუსტად შეარჩია დრო, როდესაც ვაშინგტონი ირანზე თავდასასხმელად ემზადება და ვერ შეძლებს, თავისი მოკავშირის სამხედრო დახმარებას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას სწორედ ვაშინგტონის მიერ ირანზე თავდასხმის გადაფიქრება წარმოადგენდა.

 


Category: | Views: 609 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017