Грузия Online

Main | My profile | Log out



კოდორის ხეობა თბილისზე გაიცვალა?

6:06 PM

13 აგვისტოს, გამთენიისას აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის ფედერაციის დახმარებით, კოდორის ხეობა აიღეს, ადმინისტრაციული შენობის თავზე აფხაზური დროშა ააფრიალეს, იქვე დიდი პურ-მარილი გაშალეს და კარგადაც მოილხინეს.

“ვერსიის” რედაქციაში კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა რეკავდა, და ხეობაში განვითარებული მოვლენების დეტალებს ყვებოდა. როგორც დევნილები იუწყებიან, ქართულმა სამხედროებმა ხეობა გასროლის გარეშე დატოვეს და აფხაზურ მხარეს ნადავლად დიდი რაოდენობის იარაღიც დაუტოვეს. იარაღის დატოვების დამდასტურებელი კადრები, ერთ-ერთი უცხოური ტელევიზიის ეთერით გადაიცა კიდეც.

როგორც ცნობილია, კოდორის ხეობის აღებამდე, ქართულმა მხარემ 4 შემოტევა ისე მოიგერია, რომ ჩვენს სამხედროებში ერთი მსხვერპლიც არ ყოფილა, - ხეობა ფაქტიურად აუღებლად ითვლებოდა, მაგრამ ხეობაში გვიან ღამით 12 აგვისტოს რა მოხდა, ეს არავინ იცის.

“ვერსიის” წყაროები იმასაც ამბობენ, რომ კოდორის ხეობა, ხელისუფლებამ ფაქტიურად თბილისზე გადაცვალაო,  მთავრობის ადგილობრივი თავმჯდომარე - მალხაზ აქიშბაია კი, თურქეთში გარბოდა და ბათუმში შეუჩერებიათო. მართალია, კოდორის ხეობის მოსახლეობის უმეტესობამ სახლ-კარი ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, სანამ ხეობას ქართველები აკონტროლებდნენ და რუსეთის ბომბდამშენები ტერიტორიაზე ჭურვებს ყრიდნენ, მაგრამ როგორც “ვერსიას” შეატყობინეს, 14 აგვისტომდე სოფელ ხაიშში 800 ადამიანი იყო ჩარჩენილი.

კოდორის ხეობის შესახებ მიღებულ ინფრომაციების გადამოწმებას “ვერსია”აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან - თემურ მჟავიასთან შეეცადა.

კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ, რეალურად იქ რა მოხდა?
- მას შემდგომ, რაც ქალაქ ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის ოკუპაცია განხორციელდა და აგრესორთა კონტროლის ქვეშ ყველა სტერატეგიული რეგიონი და მათ შორის, ის ადგილიც მოექცა, საიდანაც კოდორის ხეობაში გადასვლა ხორციელდებოდა, ჩვენი საპოლიციო ძალების ყოფნას, კოდორის ხეობაში აზრი აღარ ჰქონდა. ისინი აუცილებლად ალყაში აღმოჩნდებოდნენ. მართალია, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ იქ დარჩენას, ვფიქრობ პერსპექტივა არ გააჩნდა. ამიტომაც მიღებული იქნა ხეობის დატოვების გადაწყვეტილება.

როგორც ცნობილია კოდორის ხეობა აუღებელ რეგიონად ითვლებოდა, ქართველ სამხედროებს ბოლო დროს ხეობაზე განხორციელებული 4 შემოტევაც ისე მოუგერიებიათ, რომ დანაკარგი არ ყოფილა, იქნებ აზრი ხეობაში დარჩენას მაინც ჰქონდა? 
- მეტსაც გეტყვით, ქართულმა მხარემ კოდორის ხეობაზე განხორციელებული 4 კი არა 7 შემოტევა მოიგერია და მტერმა სერიოზული მარცხიც განიცადა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ -  როდესაც ალყაში ექცევი და ამის შესახებ ინფორმირებული ხარ, ძნელია ბრძოლა გააგრძელო და ის ეფექტურ რეჟიმში წარმართო.

სხვათაშორის ახლა აქტუალური თემა გახდა, თუ ხეობიდან გამოსვლის ბრძანება ვინ გასცა, მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ადეკვატური იყო. ქართული ჯარის იქ დარჩენას და ბიჭების გმირულად დაღუპვას აზრი არ ექნებოდა.

კოდორის ხეობაში ახლა არსებული ვითარების შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ, მოსახლეობა არის თუ არა დარჩენილი? 
- მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კოდორის ხეობიდან მანამდე გამოვიდა, სანამ მას აგრესორი დაიკავებდა. თუმცა ხეობაში ე.წ შეურიგებელი ადამიანები მაინც დარჩნენ, რომლებიც რეალობის შეცვლას არ ურიგდებიან და სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებენ. მათი რიცხვი დაახლოებით რამდენიმე ათეული იქნება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობამ ტერიტორია მის აღებამდე დატოვა, ეს ხელისუფლების ბრძანება იყო?
- არა, ჩვენ ასეთი სახის ღონისძიება არ დაგვიგემია, მოსახლეობამ როგროც კი საშიშროება იგრძნო, ტერიტორიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამას ხელს ვერ შევუშლიდით. პირველ ეტაპზე ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გადმოყვანა მოხდა, მეორე ეტაპი კი მაშინ დაიძრა, როგროც კი ხეობის დაბომბვა დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ სამხედროებს ხეობაში იარაღი და ტყვია-წამალი დაუტოვებიათ?
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.

ადგილობრივმა მთავრობამ ხეობა დატოვა?
- ადგილობრივმა მთავრობამ ხეობა დატოვა და რა თქმა უნდა ამის თაობაზე მოსახლეობაში გარკვეული გულისწყრომა არსებობს... შესაძლებელია ამას გარკვეული საფუძველიც გააჩნდეს, მაგრამ ბრძოლის ველი სულ სხვა რამ არის...

იმასაც ამბობენ, რომ მთავრობის ადგილობრივი თავმჯდომარე თურქეთში გარბოდა და ბათუმში შეუჩერებიათო?
- თუკი შენ შესაბამისად მომზადებული არ ხარ, საბრძოლო ანა-ბანა არ იცი, ამ შემთხვევაში მათთვის ვინც ეს იცის, ზედმეტი ტვირთი ხდები. ამას ალბათ ანგარიში უნდა გაეწიოს. ღვთის წინაშე გეუბნებით, ჩემს სიმართლეს - რომ არა ჩემი ავადმყოფობა, იქიდან არ წამოვიდოდი.

რამდენად რეალური შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობა საქართველოს ხელისუფლებამ თბილისზე გადაცვალა?
- არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციები, რომელთა გაჟღერებაც მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია. იმას არ ვამბობ, რომ ამ ინფორმაციებს ვფლობ, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენს კითხვაში გარკვეული ლოგკური მუხტი აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, ამ პროცესებში ჩართული არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამას წლების განმავლობაში ვითხოვდი.

შესაძლებელია ამას გარკვეული გამართლება გააჩნია, მაგრამ სამწუხაროა რომ აუცილებელი კონტაქტი ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სტრუქრტურებთან წლების განმავბლობაში არ მქონია. რაც სერიოზული შეცდომაა...


 


Category: | Views: 1163 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024