Грузия Online

Main | My profile | Log out



რით გვემუქრება რუსული ბლოკადა

6:07 PM

რუსული აგრესია შეჩერებულია, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთის მოქმედებები აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევასა და დასავლეთ საქართველოს სამხედრო ოკუპაციას გეგმავდა.

იმედია, რუსული ტანკები საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს, საქართველოს ეკონომიკის აღდგენასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა ნორმალური მდგომარეობის აღდგენამდე ქვეყანას გარკვეული სიძნელეების გადალახვა მაინც მოუწევს.

ბლოკადის შემთხვევაში კი როგორც მთავრობა გვარწმუნებდა, საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგების თვალსაზრისით, დაახლოებით 20 დღე პრობლემები არ შეექმნებოდა.

მთავრობა ზუსტ ციფრს ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებს, რა რაოდენობის ხორბლის ან საწვავის მარაგი აქვს ქვეყანას დარჩენილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ კუთხით პრობლემები არავითარ შემთხვევაში არ შეიქმნება.

მართალია, აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ბლოკირებულია, მაგრამ, საწვავის თვალსაზრისით, საქართველოს პრობლემები არ შეექმნება თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანიდან სარკინიგზო გადაზიდვები არ შეჩერებულა და ქვეყანას საჭირო მარაგის მიღება რუსეთის ნებართვის გარეშეც შეუძლია.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ ომმა უფრო ნათლად დაგვანახა ქართული ეკონომიკის ნაკლოვანებები, რადგან იმპორტზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა შესაძლოა, მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

მართალია, დღეს მსგავსი საფრთხე გამორიცხულია, მაგრამ როგორც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიც-ეპრეზიდენტი შოთა მაქაცარია აცხადებს, ბლოკადა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, საქართველოს ნამდვილად გაუჭირდებოდა:

- “აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ადგილობრივი, განსაკუთრებით იმპორტშემცვლელი წარმოება საქართველოს ეკონომიკაში აუცილებლად პრიორიტეტული გახდეს. ეს თუნდაც იმისათვის არის აუცილებელი, რომ რეგიონში მსგავსი კატაკლიზმების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის მომარაგებაზე არ იქონიოს გავლენა. ამ ხანმოკლე პერიოდში მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ შექმნილა. ფირმებს ერთიდან ორ თვემდე მარაგები გააჩნიათ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.

არ არის აუცილებელი, მსგავსი სიტუაცია მაინცდამაინც საქართველოში განმეორდეს, შესაძლოა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში შექმნილმა ფორსმაჟორულმა მდგომარეობამაც გამოიწვიოს იმპორტის შეჩერება, ამიტომ, საქართველომ ყველაფერი უნდა გაკეთოს,ადგილობრივი წარმოების სახით თავდაცვის მექანიზმი გააჩნდეს”.

როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე, მის საინვესტიციო გარემოზე ვლაპარაკობთ, ყველასათვის ცნობილია, რომ არა თუ საომარი მდგომარეობა, არამედ პოლიტიკურად დაძაბული ფონიც კი ძალზე უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო კლიმატზე.

ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოუწევს თუ არა საქართველოს მთავრობას მსოფლიოში პიარის ხელახლა დაწყება და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესმენთა დარწმუნება, რომ საქართველოში კაპიტალის განთავსება უსაფრთხო, დაცული და მათთვის მომგებიანია. მით უმეტეს, რომ ინვესტორთა დარწმუნება სულაც არ არის იოლი და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის რეკლამირებას უკვე უამრავი დრო და ფული შეალია.

- “ზოგიერთმა სატრანსპორტო კომპანიამ შეაჩერა საქართველოში ტვირთების შემოტანა, ზოგიერთმა - არა. მაგალიად, “მაერსკი” არ ტვირთავდა საქართველოსკენ მომავალ კონტეინერებს, თუმცა “ემესს” საქმიანობა არ შეუჩერებია. ვიცით ისიც, რომ ზოგიერთმა სადაზღვევო კომპანიებმა შეიკავეს თავი გარკვეული ბიზნესოპერაციებისგან. ომს ეს მოაქვს, მაგრამ მსოფლიო ბიზნესი საქართველოსგან გლობალურად რომ შეტრიალებულიყო, ეს არ მომხდარა. პირიქით, ჩვენი მეგობრებიცა და ისინიც, ვინც ჯერ საქართველოს მეგობრები არ არიან, მომავალში აუცილებლად განახორციელებენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს,” - აცხადებს მაქაცარია.

იმ ზარალის დათვლა, რაც საქართველოში მოღვაწე უცხოურმა კომპანიებმა მიიღეს, ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა, როგორც შოთა მაქაცარია აცხადებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, რომლების თუნდაც არაოფიციალურად, მხოლოდ სატელეფონო ზარებით გამოეხმაურნენ რუსეთის აგრესიას, საკუთარი ბიზნესის ბედით კი არა, ქართველი ხალხის მდგომარეობით იყვნენ შეშფოთებული და დაღუპულების გამო სამძიმარს გვიცხადებდნენ.

შოთა მაქაცარია: “ძალზე ძნელია ეკონომიკური ზარალის ასე უცებ დათვლა, მაგრამ ჩვენი მთავარი ზარალი ის ხალხია, რომელიც ამ დღეებში დაიღუპა, დასახიჩრდა, დაიჭრა, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მთავარი ზარალი ცხინვალისა და კოდორის დაკარგვაა. მართალია, ფირმებმა დაკარგეს საკუთრება, ის ქონება, რაც ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ აშენებული, აფთიაქები, სასტუმროები და სხვა უამრავი რამ. ციფრებში ამის გამოსახვა ახლა ძნელია. ამის გარდა, არსებობს დანაკარგები საჯარისო შეირაღების მხრივ, გვაქვს დანგრეული სახლები ქართულ სოფლებში. ზარალი, რა თქმა უნდა, ძალზე დიდია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მთავარი დანაკარგი ომში დაღუპული ხალხია. დანარჩენი ყველაფერი უმოკლეს დროში შეიძლება აღდგეს. თითქმის ყველა ქვეყნის სავაჭრო სამრწეველო პალატის წარმომადგენელი და ბიზნესმენი გამოგვეხმაურა. არ ყოფილა ზარი მხოლოდ რუსეთიდან და ყაზახეთიდან”.

როგორც ჩანს, საქართველოს საკუთარი საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვა სერიოზულად მართებს, რადგან ქვეყანაში შემოსული ინვესტორების უდიდესი წილი სწორედ რუსულ და ყაზახურ კაპიტალზე მოდის. თუმცა აღმოჩნდება თუ არა ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებისთვის გაკვეთილი, ამას ალბათ უახლოეს მომავალში ვნახავთ.

რაც არ უნდა თავი დავიმშვიდოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება, გასათვალისწინებელია, რომ ომის დაწყებამდე რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ეკონომიკური ემბარგოს პირობებშიც კი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ ძირითად მომწოდებელ ქვეყნად რჩებოდა.

მაგალითად, შარშანდელი მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით 600 მილიონ დოლარს შეადგენდა. მართალია, რუსეთმა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში პირველობა თურქეთს დაუთმო, მაგრამ ეს, ემბარგოს წყალობით, შემცირებული ექსპორტის ხარჯზე მოხდა. სამაგიეროდ, გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი.

ამ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბანკების მდგომარეობითაა შეშფოთებული და მათი მუშაობის საათებს პერმანენტულად გვატყობინებს, მაგრამ უახლოეს დღეებში, როცა ეიფორია ჩაცხრება, ალბათ, ბევრად მეტი სამუშაო გამოჩნდება. მაგალითად, შოთა მაქაცარია გვთავაზობს, რომ საქართველომ უარი თქვას რუსეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტზე.

შოთა მაქაცარია: “24 თუ არა, მაქსიმუმ 48 საათი სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ რუსული იმპორტი მთლიანად ჩაანაცვლოს სხვა ქვეყნის პროდუქტით. არ ვგულისხმობ ენერგომატარებლებს. სხვა დანარჩენი ნებისმიერი საქონლის შეცვლა შესაძლებელია და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში უნდა მიიღოს.

რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც რუსებმა აკრძალეს ქართული საქონლის თავიანთ ქვეყანაში შეტანა. ეს უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი და არა იმიტომ, რომ ჯიბრში ჩავუდგეთ. ასეთი გადაწყვეტილება იმისათვისაა საჭირო, რომ რუსეთთან ჩვენი სავაჭრო სალდო დავაბალანსოთ და მეორეც - არც ისე უვნებელია მტრულად განწყობილი ქვეყნიდან სურსათის, მედიკამენტისა და სხვა საქონლის იმპორტი. მით უმეტეს, რომ საქართველოში იმპორტის მიმართ ძალზე ლიბერალური რეჟიმია და, პრაქტიკულად, ბაქტეოროლოგიურ, მიკრობიოლოგიურ და სხვა სავალდებულო კვლევებს სურსათზე ფირმები არ აწარმოებენ. როგორც წესი, წარმოდგენილ სერთიფიკატს ვენდობით ხოლმე. რუსულ პროდუქციას ბოიკოტი მოსახლეობამ მორალის თვალსაზრისითაც უნდა გამოუცხადოს”.

ფორსმაჟორული მდგომარეობის შექმნისთანავე მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ საომარი მდგომარეობის გამო ქვეყნის საფინანსო სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. დაიწყებოდა ინფლაციური პროცესები, რასაც ვერაფერი შეაჩერებდა. საქართველოს სავაჭრო სამრეწველი პალატაში გვარწმუნებენ, რომ ინფლაციის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს:

- “არანაირი გაძვირება არ მოხდება, ეს გამორიცხულია. თუ მსოფლიოში მოხდა კატაკლიზმები და გარკვეული სახის პროდუქცია გაძვირდა, აქაც გაიზრდება ფასები, მაგრამ ამ ეტაპზე ზოგიერთ პროდუქტებზე ფასების კლების მოლოდინში ვართ. ვგულისხმობ, ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოში უკვე მიდის ამ პროდუქციაზე ფასების კლების ტენდენცია, ეს იმ საქონლის გაიაფებასაც გამოიწვევს, რომლის თვითღირებულებაში საწვავის ფასს დიდი წილი უკავია. უბრალოდ, ამ ტალღას საქართველომდე არ მოუღწევია.

ასეთი კატაკლიზმების დროს ზოგიერთ საქონელზე ფასები ეცემა, ზოგიერთზე კი კატასტროფულად იზრდება. საუბარია ოქროზე, უძრავ ქონებაზე საომარ ვითარებაში ფასები კატასტროფულად ეცემა. სამაგიეროდ, კატაკლიზმების დროს სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები ძვირდება. ასეთი რამ ამჯერად საქართველოში არ მოხდება, ეს გამორიცხულია.”

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი მოსახლეობას პანიკა არ მოიცავს, ამ მძიმე მდგომარეობიდან მშვიდად გამოსვლის შანსი საქართველოს აქვს.

შოთა მაქაცარია: “რუსეთმა მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა დაეზიანებინა, მაგრამ მინიმალურ შედეგს მიაღწია, ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი იმუშავებს და ზრდის ტემპებიც ისეთივე დარჩება, როგორიც იყო. აი, ახლა გვჭირდება უცხოური ინვესტიციები და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ევროპაც გააქტიურდება. მათ გაიგეს, რომ ევროპის ნაწილი საქართველოა და არა მისი ჩრდილოელი მეზობელი”.

ამ ეტაპზე საქართველოსკენ დიდი ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებები მოედინება. მოსალოდნელია, ქართულმა ეკონომიკამ დასავლეთისგან გრანტებისა და კრედიტების სახით ახალი სუბსიდიებიც მიიღოს, თუმცა შეეცდება თუ არა საქართველოს მთავრობა იმ პრობლემების რეალურად გადაჭრას, რომელიც ომამდელ ეკონომიკაშიც საკმაოდ ჰქონდა, მის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული.


 


Category: | Views: 626 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017