საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაციას ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით ახორციელებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოუწოდებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მყოფ დევნილებს, ნუ მიმართავენ ამა თუ იმ რაიონის ტერიტორიულ სამსახურს და სხვა ადგილებს, რადგან უახლოეს მომავალში დევნილთა რეგისტრაციისთვის მათთანაც სამოქალაქო რეესტრის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჩავლენ.აღსანიშნავია, რომ ცხინვალის კონფლიქტის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის რეგისტრაციისთვის გუშინ 50 მობილური ჯგუფი დაკომპლექტდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. რეგისტრაციისთვის ოპერატიულად შემუშავდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დევნილთა მაქსიმალურად გამარტივებულ რეჟიმში, უმოკლეს ვადებში რეგისტრაციას უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 17 22 22.
|