Грузия Online

Main | My profile | Log out



დღეს მგზავრობა სახიფათოა

9:11 AM

საქართველოს რეგიონები ერთმანეთს კვლავ მოწყვეტილნი არიან. სახმელეთო ტრანსპორტით დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირება პრაქტიკულად ვერ ხერხდება. საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მოსახლეობისათვის გამოუსადეგარია, რადგან შიდა რეისები უკვე დიდი ხანია აღარ სრულდება.

ესეც არ იყოს, საქართველოს ცა ისეთივე დაუცველია, როგორც მთლიანად საქართველო. რუსული ბომბდამშენების შემყურე ქართველები ჰაერში აფრენისაგან თავს, სიტუაციის ბოლომდე განმუხტვამდე არ შეიკავებენ.

საომარი ქმედებების პერიოდში შეზღუდვით ხორციელდებოდა საერთაშორისო რეისებიც. აღსანიშნავია, რომ რუსულმა ბომბდამშენმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან 200 მეტრში ბომბი ჩამოაგდო, ასევე ააფეთქა მახათას მთაზე არსებული რადარი. ამის გამო, რამდენიმე უცხოურმა ავიაკომპანიამ ფრენები შეაჩერა. საერთაშორისო რეისების აღდგენა ეტაპობრივად და ნელ-ნელა ხორციელდება.

ჯერჯერობით ლამის ერთადერთ უსაფრთხო ტრანსპორტად რკინიგზა რჩება, თუმცა სიტუაცია არც მატარებლით მგზავრობისას არის სახარბიელო. მგზავრებს შორის განსაკუთრებით პანიკური სიტუაცია იქმნება, როდესაც სამგზავრო შემადგენლობა გორს უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ გორის სადგური ქალაქის სამხრეთ გარეუბანშია განთავსებული და რუსები მოძრავი მატარებლისადმი მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ იჩნენ, მგზავრები ერთ სიკვდილს ათავებენ, სანამ გორს გაცდებიან.

ბოლო დღეებში ვითარება სარკინიგზო მიმოსვლის მხრივაც გართულდა. დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი - თბილისი-ბათუმის მატარებელი მოძრაობს. ამ ეტაპზე აღარ გადაადგილდება თბილისი-ფოთის, თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ზუგდიდის შემადგენლობები.

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ თბილისი-ბათუმის გარდა, სარკინიგზო მაგისტრალზე გადაადგილდება შიდა სარკინიგზო ქსელებზე მოძრავი მატარებლებიც. რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მატარებლით მგზავრობა აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუ მის გადაადგილებას საფრთხე შეექმნა, მატარებელს წინასწარ გააჩერებენ, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი ფაქტები არ ყოფილა.

განსაკუთრებით საშიშია დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სახმელეთო ტრასპორტით გადაადგილება. ბოლო დღეების განმავლობაში გორის ცენტრალურ გზაზე უამრავ მგზავრს მანქანა და პირადი ნივთები წაართვეს.

2 დღის წინ კი, ბანდფორმირებებმა გორში ტყიბულის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი დააყაჩაღეს, იქედან 25 წლის გოგონა ჩამოსვეს და გარუკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

მოგვიანებით, გატაცებული ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ იგი, დაახლოებით 60 ქართველ ტყვევსთან ერთად, გაუკვეველ ადგილას სარდაფში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ოსები ადამიანებს გაცვლის მიზნით ატყვევებენ.

ავტომობილებით გადაადგილება სახიფათოა, სამეგრელოს რაიონებშიც. განსაკუთრებით საფრხილოა ზუგდიდის, ხობისა და სენაკის რაიონში ტრანსპორტით მგზავრობა.

ამიტომ დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის სამხრეთ საქართველოზე გამავალი გზა რჩება, თუმცა ამ გზის გარკვეული მონაკვეთები (მაგალითად, ნინოწმინდა-წალკა) ისეთი დაზიანებულია, რომ იქ გადაადგილება ძალიან ჭირს.

გარდა ამისა, ამ გზით თბილისამდე ან კახეთის რომელიმე რაიონამდე ჩაღწევას დიდი დრო სჭირდება. მსუბუქი მანქანის მძღოლი ბათუმიდან შემოვლითი გზით თბილისამდე მგზავრობას, დაახლოებით, 10-11 საათს მაინც ანდომებს.


 


Category: | Views: 716 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2017