Грузия Online

Main | My profile | Log out



ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: კოკოითზე ჭიტლაყი ალალია!

3:03 PM

[მურმან ეკალაძე]
შუაღამისას, როდესაც სოხუმში ყველას სძინავს და სიჩუმეს მხოლოდ კოდორის ხეობიდან მონაქროლი ნიავი არღვევს, სოხუმის მრავლისმნახველ ქუჩებში დაბორიალობს თეთრპერენგიანი და წითელსპორტულშარვლიანი მამაკაცი. სად არ ნახავთ მის სილუტს - დანგრეულ პორტთან, სასტუმროს ნანგრევებთან, თუ ბომბებისაგან გადამტვრეულ პალმებთან... ეს კაცი არის ვლადისლავ არძინბა, რომელიც არც მთვარეულია და არც ზურიკელა ვაშალომიძე, რომ შუაღამით იწანწალოს, მაგრამ ძველი ცოდვები მოსვენებას მაინც არ აძლევს. ყველა სეპარატისტის ბოლო ხომ ღამეული ბორიალია...

წინა კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე ძირითადად იმაზე მსჯელობდნენ, ბოლოს და ბოლოს გავლენ თუ არა რუსები საქართველოდან. მათი აქ დარჩენა უკვე მარაზმის სახეს იღებს.

X Man: ”ომის ხელახლა დაწყების შემთხვევაში ზუგდიდთან აქტიურ დაცვაში მოგვიწევს ჩადგომა. (გალი-ოჩამჩირის მიმართულებაზე დივერსიულ საარტილერიო დარტყმებით) 6-7 ათასი სხვადასხვა ძალოვანი სამსახურის თანამშრომელს დამატებული 15 ათასი რეზერვისტი, 80 ტანკი და100-მდე საარტილერიო დანადგარი. სამაჩაბლოს ფრონტზე: 12-15 ათასი სხვადასხვა ძალოვნი თანამშრომელი და 20 ათასზე მეტი რეზერვისტი. გარდა ამისა, 100 ტანკი და 200-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი. ასევე გვეყოლება ავიაცია. ჭკვიანურად თუ მოვიხმართ, ნამდვილად საკმარისი ძალებია”

ღმერთმა ნუ ქნას კიდევ ომი დაიწყოს, თორემ სეპარატისტებს მარტო მე და დიტო გელოვანიც ვეყოფით. მტერსა და მოყვარეს მაინც ვარჩევთ ბოლოს და ბოლოს... თუმცა, ისიც სათქმელია, რომ აღნიშნულ ავტორს დაავიწყდა ახალქალაქი და ლარსი, რომლიდანაც აუცილებლად დაგვარტყამენ ჩრდილოელი ღორიშვილები და დაავიწყდა ცნობილი ქართველი მხედართმთავრები დავით კირკიტაძე, ლადო ვარძელაშვილი და გოკა გაბაშვილი, რომელთა მხედართმთავრობაც არანაკლები ხიფათის შემცველია.

ახალი ომის დაწყების ”პერსპექტივას”, ფორუმელი Vidar დიდი შიშითა და ეჭვის თვალით უყურებს.

”ცხინვალში ომი ნიშნავს აფხაზეთში ომსაც, ანუ 2 ცხელი წერტილი უკვე არის და ჩვენ არ გვყავს ისეთი არმია, რომ თან ამ 2 ცხელ წერტილში რუსეთს ეომოს და ამავე დროს საუკეთესო საჯარისო შენაერთებით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც ომობდეს”

ეს კაცი რა შუაშია და, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მოყვითალო გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი ასევე მოყვითალო ქართველი პოპ-მომღერალი იმედს გამოთქვამდა, რომ საომარი სიტუაცია სექტემბრამდე მორჩება. ამ მომღერალს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად მაინცა და მაინც რა აიმედებს, მაგრამ მიზეზი ისედაც ნათელია - დასვენება უნდა ბიჭს...

კოკოითისათვის მამაპაპური პანღურის ამოჭერა ნიშნავს თუ არა ცხინვალის პრობლემის მოგვარებას, ეს არავინ იცის, მაგრამ, კოკოითისათვის პანღურის ამორტყმა ქართველების მორალურ თვითკმაყოფილებას რომ გამოიწვევს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა. არადა, რა გახდა ეს პანღური...

Raven: ”მარტო კოკოითის რეჟიმს, რუსების გარეშე, 1 ბრიგადაც ეყოფა. თვითონ ნახეთ, რომ თავის დროზე 1 ბრიგადამ ლამის გააქცია ცხინვალიდან ყველა (კოკოითი მოსკოვში გაფრენილა ეგრევე) და ოსები მთელი სამაჩაბლოს აღებას ელოდებოდნენ. ოსეთი არის უმარტივესი სამხედრო პრობლემა იმ სიტუაციის გათვალისწინებით რაც რეგიონში შექმნილი. თუ ჩვენ აფხაზეთში ომი დავიწყეთ და ისევ ჩავფლავდით, მერე 1000 წელი ვეღარ დავიბრუნებთ მაგ ტერიტორიებს. ამიტომ, 90% მაინც უნდა იყო დარწმუნებული რომ გახვალ ბოლოში. ამისთვის კიდევ გჭირდება გარანტიები პარტნიორებისგან. როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ასევე სამხედრო მხარდაჭერის, რასაც ამ ეტაპზე ომის დაწყების წინ ჩვენ ვერ მივიღეთ”.

პარტნიორი-მანტიორი არ ვიცი მე! როგორც ახალი დროის სულთამხუთავი და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნა, ამერიკაში გადახვეწილი ქართველი წინასწარმეტყველი თეოფილე მალაქია იტყოდა: ”გასაკრეჭი უნდა გაიკრიჭოს!”

ლელა წურწუმია უკვე ორგზის ღირსების მედალოსანია. ანუ, ჩვენ საქმე გვაქვს ორჯერ ღირსეულ მომღერალთან, რომლის ნამღერი ”გეიშვას” თუ ”არ გეიშვას”, ამაზე წეკოიანი ნიკოტინით ულვაშებგაყვითლებული ჯიგარი ოზურგეთელი ბაბუები კარგა ხანია რაც აღარ მსჯელობენ.

Gajaji: ”ლელას, რომ ღირსების მედალი გადავეცი ვიღაცაები გაბრაზდნენ, აი მათ ჯინააზე ეხლა ღირსების მეორე ორდენს გადმოგცემო” - ერთი თვის წინ თქვა მიშამ. (ვენტილიატორიც რომ გადასცა, ის აღარ ახსენა) კიდევ, იუმორის ფეირვერკი დააფრქვია. ჩვენ გამარჯვებულ ბავშვებს ორდენები რომ გადასცა, მერე უთხრა: წადით ეხლა სახლშიო. ამ დროს გამოვარდა ვიცე-მერი და ორი მანქანა აჩუქა (ღმერთმა შეარგოთ) მერე ისევ იხუმრა მიშიკომ: მარშუტკის ჩუქებას აპირებდნენ ეკონომიის მიზნითო და მე ჩავერიო. მიშა მაგარია!”

მიშა რატომაა მაგარი? მიშას ერთი ღირსების მედალიც კი არა აქვს. მაგარი არის ლელა წურწუმია! თან ისეთი მაგარი, რომ დროისა და პოლიტიკური ცვალებადობა ვერაფერს აკლებს.

თემურ იაკობაშვილი რომ ”მასონი” და რაღაც მაგის მსგავსი ყოფილა, ამაზე საუბარი ანტიიაკობაშვილურად განწყობილ ფორუმელებს უკვე მოსწყინდათ და ახლა სხვა ბრალდებებზე გადავიდნენ.

დაჩი: ”ნეზავისიმაია გაზეტა”-ში თემურ იაკობაშვილთან საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, ოლიმპიადის დროს ჩვენ - რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს დიდი ფულის შოვნა შეგვიძლიაო. ბატონი იაკობაშვილი აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს, ანუ იაკობაშვილის მტკიცებით, საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის წევრები არიან. ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ბაღაფში და კოკოითი თავიანთი შამბა-მამბათი და ვიღაცებით თავს იკლავენ. იაკობაშვილისთვის ფული, შეიძლება უფრო მთავარია, მაგრამ ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის ასე ნამდვილად არ არის. რუსეთს 1996 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმებით, შეუძლია, აფხაზეთს იარაღი მიაწოდოს. მართალია, ამას მალულად აქამდეც აკეთებდა, მაგრამ ახლა შეუძლია, აფხაზეთში თავისი სამხედროებიც მიავლინოს და აფსუა მეომრების მომზადება ღიად დაიწყოს”.

ამ ოლომპიადით ხომ სისხლი გაგვიშრეს რა... წავლენ, წამოვლენ და ბოლოს მაინც ამ ოლიმპიადას მიახტებიან. საქართველოში მაინც იმართებოდეს ეს ოხერი...

ერთ-ერთი ფორუმელი მეტად საინტერესო რამეს წერს:

”ტერმინი ”ინდიგო ბავშვები” ახალი თაობის ბავშვებზე იხმარება, რომლებსაც პარანორმალური შესაძლებლობები აქვთ. ვარაუდობენ, რომ ასეთ ბავშვებს იასამნისფერი (ინდიგოსფერი) აურა გააჩნიათ (და ტერმინიც აქედან მოდის).

ასეთ ბავშვებს აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა; ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ; არიან უდისციპლინოები და თავმოყვარეები; აქვთ ღრმა და ჭკვიანი თვალები”

თუკი აქ აღწერილ პორტრეტს ”ჭკვიანურ თვალებს” გამოვაკლებთ, აღმოჩნდება, რომ საშუალო სტატისტიკური რუსი პოლიტიკოსი მივიღეთ. ინდიგოებზე და ასეთ რამეებზე არაფერი ვიცი, მაგრამ რუსეთში ”მოინდიგო” ელემენტები რამდენიც გინდათ იმდენია.

ირაკლი კაკაბაძე ბოლო დროს ქართულ ფორუმებზე აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ამერიკიდან წერილებს აგზავნის და როგორც ამბობენ, ნოდარ ლადარიასთან ”ინტელექტუალური ომებიც” კი გაუჩაღებია. გონიერ კაცობრიობას ”ვარსკვლავეთის ომების” შემდეგ, ასეთი ამაო ომი არ ახსოვს.

LaoZi: ”ამ კაკაბაძის ინტელექტუალური კეკლუცობა და სიყვარულის დოქტრინაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე ლაპარაკი გადასარევია, ნეტა თვითონ მაინც თუ ესმის, რაზე ლაპარაკობს, ან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს რომ ლანძღავს ხაშურის აკადემიასავით, ეს ეხლა სერიოზულია? ვაშინგტონში ლიბერალების შეკრებაზე გაგონილი დაშტამპული ფრაზებია, რომელსაც ჩვენ ცუდად გვითარგმნის და აბდა-უბდად გვაწვდის. ეჰჰ, სამშობლოვ...”

ვის ვის და, ქართველებს სიყვარულის, ჩახუტების და მეობის ამბებში დოქტრინები და ასეთი რამეები მართლა არ გვჭირდება. ”საგუშაგო კოშკის” მორიგე რედაქტორმაც კი იცის, რომ ყოველ ქართულ სუფრაზე სიყვარულის ახალ ”რეზოლუციებს” ვიღებთ ხოლმე.

რა დროს ჩვენი პრობლემებია? ვის სცალია ”უაზრო საკითხებისათვის”, როდესაც მობილური არსებობს. კარგი, ლამაზი და ბრჭყვიალა მობილური, რომელსაც ღილაკებიც კი აქვს...

baby_boo: ”მაინტერესებს ერთი არ აღშფოთდით ამ რეკლამის ”გოლეთიანის” ყურებით? თუ არ იყიდი ჩვენთან ტელეფონს, თუ არ გაქვს ახალი და მაგარი მობილური, ხარ ბანძი და ყველა დაგცინებს. უფერული, რუხი, და საზიზღარი ხარ და თურმე, კაი ტელეფონი თუ გიჭირავს კაი ტიპი ხარ! ამ რეკლამის შემდეგ ”გოლეთიანი” შემზიზღდა და არასოდეს ვიყიდი მანდ ნოკიას და არც სხვა ტელეფონს. თუ ფული არა მაქვს და ვერ ვიყიდი, ვიღაც რეგვენმა უნდა დამცინოს? ან თუ მკიდია ჩემს ტელეფონს 1500 უსარგებლო ფუნქცია ექნება თუ არა, მაინც?”

ამ ყველაფრის მერე, რაც არ უნდა დიდი ხელი და პატარა თავი გქონდეს, (ან, პირიქით) თავში ხელებს მაინც შემოირტყამ.

თბილისი ყოველთვის კავკასიის ცენტრი იყო. მაშინაც კი, როდესაც კავკასია დონდღლაბი ყურძნისგან დაყენებული ღვინოსავით არეული და გავერანებული იყო. თბილისზე ზოგი ლექსებს წერს და ზოგი ასევე ლექსებით აგინებს. მაგრამ, ის რასაც ფორუმელი Lieder_Tim ამბობს, რაღა დაგიმალოთ და, პირველად მესმის.

”ავიღოთ რეგიონი ბრიტანეთი. იქ რეგიონის მთავარი ქალაქებია: ლონდონი, მანჩესტერი, დუბლინი და კარდიფი. მათ შორის დიდი კონკურენციაა და ყველა ქალაქის ამოცანაა, გაიზარდოს და რამენაირად თავისკენ მიიზიდოს ადამიანები. მათ ხარჯზე არიან კლებადი ქალაქებიც, მაგრამ მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. ავიღოთ ჩვენი რეგიონი: კავკასია. დომინანტი ქალაქები: ბაქო, თბილისი, ერევანი და ქუთაისი. მაგრამ ქუთაისიც კლებადი ქალაქია. რა აკლია თბილისს, რომ თავისკენ მოიზიდოს მოსახლეობა, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც?”

გუბაზ სანიკიძის და კოტე კემულარიას ჰოკეისტობას უფრო დავიჯერებ, ვიდრე იმას, რომ თბილისი მოსახლეობის ნაკლებობას განიცდის. თბილისში მხოლოდ სამი რამაა მოჭარბებულად: მოსახლეობა, რესტორნები და სამარშრუტო ტაქსები. მეძავებსაც ვიტყოდი, მაგრამ ეგ არც სხვა ქართულ ქალაქებს აკლია...


 


Category: | Views: 3253 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 1
1 mesito  
0
admin ar ginda es saiti momce ? me mivxedav da davamateb siaxleebs, an momyide , damikavshirdi mesito@mail.ru an skype danke1010

Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024