ოქრუაშვილის თანაპარტიელებისთვის უცნობია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ, სადაც ოქრუაშვილი ქართულ ჯარში მოხალისედ ჩაწერას ითხოვდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის წინ მიტინგზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე დაივიწყოს ყველა წყენა, რათა ქართული საზოგადოება გაერთიანდეს საერთო მტრის წინააღმდეგ.
“პრესა.გე”-სთან საუბარში პოლიტიკური პარტია “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის განცხადებას საეჭვო უწოდა. ამგვარი მოსაზრების არგუმენტად მან დაასახელა ის გარემოება, რომ პარტიის წევრებს ოქრუაშვილთან ტელეფონით დაკავშირება ძალიან უძნელდებათ.
ეკა ბესელია მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეწყალების ოქმი, ან რაიმე ტიპის გადაწყვეტილება პრეზიდენტს ჯერ-ჯერობით არ გამოუცია.
- “მისი ხალხის ძნელბედობის ჟამს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლა რომ უნდოდეს, ეს ადამიანური კუთხით გასაკვირი არ არის. გორის რაიონი მისი მშობლიური კუთხეა. გუშინ დაიბომბა მისი მშობლიური სოფელი ტყვიავი. ოქრუაშვილი თავისი ქვეყნის პატრიოტია და სავსებით გასაგებია ქართველი ჯარისკაცების გვერდით დგომა რომ უნდა”, - აცხადებს ბესელია.
|