Грузия Online

Main | My profile | Log out



რუსეთი პროვოკაციებს კვლავაც გააგრძელებს

1:54 AM

რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. გორში რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები არიან. მათი ხელდასმით ქართულ სოფლებს ოსების და კაზაკები სასტიკად უსწორდებიან.

პრეზიდენტმა მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიცემული სიტყვა გატეხა და საქართველოში სამხედრო ოპერაციას კვლავ აგრძელებს. რუსისთვის სიტყვას რომ ძალა არასდროს ჰქონდა, დიდია ხანია, ცნობილია.

დასავლეთი კი მზად არის, კონფლიქტის ზონაში საკუთარი სამშვიდობო კონტეგენტი გამოგზავნოს. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ სამშვიდობო ფორმატში თავადაც აქტიურად იქნება ჩართული.

დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაზეც დაკარგა კონტროლი. რა იქნება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ძნელად პროგნოზირებადი გახდა.
“პრესა.გე” ამ საკითხებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: “როგორც ჩანს, მოვლენები უფრო მწვავე რეჟიმში განვითარდება, ოღონდ იმედია, რომ ეს იქნება პოლიტიკური პროცესების სიმწვავე და არა ცეცხლი. საომარი მოქმედებები ადრე თუ გვიან შეწყდება, თუმცა, გაგრძელდება დაპირისპირებები ჰააგაში, მწვავე იქნება ასევე დსთ-სთან დაკავშირებული პრობლემები. რუსეთს აქვს ჩვევა, პოლიტიკურ დაპირისპირებას კუნთები წაახმაროს ხოლმე, ამიტომ მეშინია, საქართველოზე ზემოქმედებისთვის ისევ არ გამოიყენოს ბერკეტები. ეს შეიძლება არ იყოს ასეთი თავხედური ძალა, როგორც ამჟამად დაანახა მთელ მსოფლიოს. თუმცა, მას აქვს რესურსი, რომ საქართველო უსიამოვნების წინაშე დააყენოს”.

რა ბერკეტებს გულისხმობთ?
- კვლავაც გააგრძელებს პროვოკაციებს, დაწყებული კონფლიქტებით და ეთნოწმენდით. უამრავი საშუალება არსებობს იმისა, რომ ქვეყანას დარტყმა მიაყენოს. სამხრეთ ოსეთში მომხდარმა პროვოკაციებმა ბოლოს და ბოლოს გამოიწვია ის, რაც მოხდა. ანალოგიური პროვოკაციების მოწყობის არსენალი ამოწურული არ არის. თუკი დღეს ანექსიის მცდელობას საქართველო დაუპირისპირდა რაღაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩარევით, არამასშტაბურ პროვოკაციებზე რეაგირება მსოფლიოს მხრიდან ფაქტიურად შეუძლებელია. რადგან ფაქტიურად, მსგავსი ქმედების დამტკიცება თითქმის შეუძლებელი იქნება. ასეთი სირთულეები კი მოსალოდნელია.

საუბარია, რომ კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალები გამოჩნდებიან. რა დრო დასჭირდება ამ პროცესს?
- ჯერჯერობით მხოლოდ ითქვა, რომ შეიძლება საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მობილიზაცია მოხერხდეს და რუსეთი არ იყოს სამშვიდობო პროცესების მონოპოლისტი. ეს პოტენციალი არსებობს, მაგრამ მის ამუშავებამდე დრო და ძალისხმევა არის საჭირო.

საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ დროულად მოხდეს დევნილების დაბრუნება ქართულ სოფლებში. თუკი საერთაშორისო სამშვიდობოების გამოჩენა დროში გაიწელება, რის იმედად უნდა დაბრუნდნენ დევნილები. ვინ იქნება მათი უსაფრთხოების გარანტი?
- ძალებს შორის მიღწეულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამშვიდობო ფუნქციები ჯერჯერობით იმ ძალებმა უნდა გაწიონ, რაც აქამდე იყო კონფლიქტის ზონაში.

თუმცა, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავრომა განაცხადა, რომ ქართველი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან მათ საკუთარ კოლეგებს ესროლეს.
- სამწუხაროდ, რუსეთს ეს პოზიცია უკავია. მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ იქნება. პრაქტიკულად, ის რაც დღეს ხდება, ეთნოწმენდა არის შურისძიება და სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან. სავარაუდოა, რომ ეს გაგრძელდება. არა მგონია, მასშტაბური იყოს, რადგან ეს უკვე თვალშისაცემი გახდება და სხვა ქვეყნების მწვავე რეაქციას გამოიწვევს. თუმცა, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ ნიადაგზე ანგრიშსწორების ფაქტები არამასშტაბური და ფრაგმენტული ხასიათის იქნება და ამას ოპერაციის სახე ნაკლებად მიეცემა.

ეს ყველაფერი გამოიწვევს მოსახლეობის დაშინებას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ აგრესიაში უკვე საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მათ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
- ცხადია, რუსეთის მთავარი მოტივი სწორედ ეს არის. ეს გამოჩნდა იმ ტანკებითაც, რომელიც საქართველოში შემოვიდა. რამდენადაც მითხრეს, ამ ტანკებზე იგორ გიორგაძის სურათები იყო. ეს პირდაპირი მინიშნებაა, თუ რა იყო ამ ტანკების საბოლოო მიზანი.

რუსის ტანკს ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა ჯერჯერობით არ გამოუვიდა, მაგრამ ამას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება და ქვეყნის შიგნით უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს გადასცილდეს.
- ალბათ, გასახსენებელია და მეტი დაკვირვებით არის წასაკითხი, რასაც რუსეთი ამბობს. ის ხშირად არის გულახდილი, მით უფრო რომ ეს პუტინის სტილშია. ამას ვერ წაართმევ. საქართველო-რუსეთს შორის ერთი-ერთი გამწვავების დროს აქვს ნათქვამი, რომ მე ვეცდები დავანახო ქართველ ხალხს მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომები და ის, თუ რომელი ორიენტაცია არის უფრო ხელსაყრელი. ამის შემდეგ იყო შეზღუდვები რუსულ ბაზარზე, ქართული ღვინისა და ბორჯომის გამოდევნა, რუსეთში მცხვრები ქართველების დევნა და დეპორტაცია. რუსეთის ამ არსენალში შედის ისიც, რაც ამ დღეებში მოხდა. ის ეცდება, უკმაყოფილება გამოიწვიოს.

პარლამენტის წინ მოსულა საზოგადოებამ აჩვენა, რომ დღეს ქართველი ერი ერთად დგას. დიდხანს გაგრძელდება ეს განწყობა, თუ როგორც კი მიწყნარდება სიტუაცია, დაიწყება მკაცრი შეფასებები, კრიტიკა და უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ?
- რა თქმა უნდა, როცა პირდაპირ გიტევენ, იქ ერთსულოვნება დამყარდება და ეს ადამიანურადაც სწორია. საერთოდ, გარეთა შეტვების შემთხვევაში შიგნიდან კონფლიქტებს ხსნიან. ეს კანონი ჯგუფის ფსიქოლოგიაში ზის. მაგრამ როცა გარეთა შეტევა მცირდება, მერე იწყება იმის გარკვევა, ვინ რა როლი შეასრულა ამა თუ იმ მოვლენაში. რა თქმა უნდა, საქართველოში ეს პროცესები დაიწყება და არ არის გამორიცხული, ხალხის უკმაყოფილება დიდი იყოს. მით უფრო, რომ ამ ხალხის უკმაყოფილებას სულ არ სჭირდებოდა რუსული თემა, ეს დაიწყო საკუთრების ხელყოფის, არასამართლიანობისა და სხვა პრობლემების გამო. მთავარია, არ დაიწყოს სხვა საბაბით დაწყებული უკმაყოფილების კვალიფიკაცია, რომ არიქა, აქ რუსეთის აგენტები არიან. თორემ შეიძლება უფრო მძიმე სურათი მივიღოთ საქართველოში, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს მდგომარეობა გავლენას იქონიებს ხალხზეც და ხელისუფლებაზეც. თუკი დაიწყება რეზიდენტების ძებნა ყველა უკამაყოფილოში, ეს დემოკრატიულ პროცესებს სრულიად მოარღვევს და შეიძლება კიდევ უფრო მეტი შეცდომები იქნას დაშვებული.

უნდა ველოდოთ, რომ დღევანდელი სიტუაცია გახდება მიზეზი მასშტაბური უკმაყოფილებისა, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებას გამოიწვევს?
- სხვათა შორის, შევარდნაძის დროსაც იყო უკმაყოფილება აფხაზეთის დაკარგვის გამო, ხალხი არც სხვა ფაქტორებით იყო მაინც და მაინც კმაყოფილი, მაგრამ საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ არ დაენგრია სახელმწიფოებრიობა. ამიტომ პრაქტიკულად, გაგრძელდა ლეგიტიმური ურთიერთობა ხელისუფლებასთან. მემგონი, ახლაც ანალოგიური სიტუაცია იქნება. მთავარია, ლეგიტიმური ფორმებიდან არ გამოვიდეს არანაირი უკმაყოფილება და საბედნიეროდ ვნახეთ, რომ წინა ეკონიმიკური თუ შიდა პრობლემებიც ლეგიტიმურ ჩარჩოებში დარჩა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ლეგიტიმურ ჩარჩოებს უკმაყოფილების სხვადასხვა საბაბით საქართველო არ გასცილდება. მოსწონს თუ არა ხელისუფალი, ყველა ქვეყანა ამას წყვეტს არჩევნების დროს და ხალხს ძალით ვერავის სიყვარულს დააძალებ. მთავარია ახლა, რამდენად მოახერხებს ხელისუფალი თავის შეცდომებზე სწავლას, რამდენად შეცვლის სიტუაციას უკეთესობისკენ, ხალხის განწყობაც ამის მიხედვით შეიცვლება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთის სურს, ქართველ ხალხს დაანახოს მისი ხელისუფლების შეცდომები, ამ გაკვეთილით ასწავლა რუსეთმა ქართველო ხალხს ჭკუა?
- არა მგონია. რუსეთმა საკუთარი ქმედებით უფრო დიდი სამსახური გაუწია მისთვის მიუღებელი სააკაშვილის ხელისუფლებას. ქართველი ხალხი მონოლითური იქნება ამ ხელისუფლების მხარდაჭერაში სწორედ იმიტომ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, ქართველობას ჭკუა ასწავლოს.

ნუთუ რუსეთს თავად არა აქვს იმდენი ჭკუა, რომ ვიდრე რაიმე მოქმედებას დაიწყებს, ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი კარგად შეისწავლოს.
- ასე უცბად ნუ გამოვიტანთ დასკვნას იმის შესახებ, თუ ვის რამდენი ჭკუა აქვს. ჩვენ ქართველებს ერთი პრობლემა გვაქვს, ადვილად ვართ თვითკმაყოფილები. ამან კი ამ შემთხვევაშიც ცუდი სამსახური გაგვიწია.

ფაქტია, რომ სააკაშვილმა დაკარგა ტერიტორია. დღეს კოდორს აფხაზები აკონტროლებენ.
- აფხაზეთში მარცხის შემდეგ უფრო ნაკლები იყო პრობლემები, ვიდრე დღეს არის. დღეს ჩვენ კოდორიც აღარ გვაქვს.

კოდორთან მიმართებაში რაიმე იმედი შეიძლება გვქონდეს?
- შესაძლებლობა ისეთი ცნებაა, რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება. ძნელი სათქმელია, როდის მთავრდება შესაძლებლობის რესურსი. მოცემული მომენტის შეფასებას თუ დავიწყებთ, ძალიან შევამცირეთ ამ შესაძლებლობის რესურსი.

რაც მოხდა ამ დღეებში, ეს გაკვეთილი იყო ჩვენთვის, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენაზე ფიქრიც კი არ უნდა გაბედოს?
- თუკი ჩვენზე რაიმე გაკვეთილები მოქმედებს, არ ვიცი. ასეთი გაკვეთილები რამდენჯერმე მივიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ანგარიში არ გავუწიეთ. საქართველოს ხელისუფლებამ ათასჯერ თქვა, რომ ეს პროვოკაციებია და ჩვენ ამას არ ავყვებითო, მაგრამ აყვა. სხვათა შორის, აფხაზური დე-ჟავიუს განცდა გამიჩნდა. მაშინაც ვიცოდით, რომ პროვოკაცია იყო მოწყობილი, რკინიგზის ძარცვის გამო დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ჩაგვითრიეს. ახლაც ჩაგვითრიეს. ამით ის მაინც დავასკვნათ, რომ კონფლიქტი აწყობს რუსეთს. ანუ, საითაც ის გვექაჩება, მისთვის უფრო ხელსაყრელი ვარიანტია. სანამ კონფლიქტი აწყობს რუსეთს, იქამდე ძალისმიერი მეთოდებით მის საქმეს გააკეთებ და არა შენსას.

რამდენად გართულდება ყოველივე ამის შემდეგ მოლაპარაკებათა მაგიდასთან აფხაზებისა და ოსების დასმა?
- ბაღაფშმა თქვა, რომ სანამ კოდორის ამბავს არ დავასრულებ, მოლაპარაკების მაგიდასთან რა დაგიჯდებითო. ახლა კი ლაპარაკს დაგვიწყებს იმ მდგომარეობიდან, რასაც კოდორში მიაღწია. ის მოლაპარაკებებს მისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაატარებს და რატომ არ დაგიჯდება? ახლა უკვე მას აწყობს მოლაპარაკება.

ამ დღეებში ისმის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის და რომ საერთაშორისო საზოგადოება ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩაერთვება კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
- პერსპექტივა არის, რომ დასავლეთი ცოტა გონს მოეგოს, მაგრამ არის სირთულეები, რომელიც აღნიშნეს ჩვენმა აღმოსავლეთ ევროპელმა მეგობრებმა. ადამკუსმა ხაზი გასვა, რომ აქვს საერთაშორისო საზოგადოებას ეფექტური მეთოდები საიმისოდ, რომ შეაჩეროს ამ ტიპის პროცესები. პრობლემა იმაში არ არის, მსოფლიომ იცოდა თუ არა, რუსეთი რა ტიპია.

ეს ყველაფერი უჩვენოდაც იცოდა, რუსეთზე შეყვარებული იშვიათად გვინახავს, მაგრამ რა გზით, რა ხერხებით მოაგვაროს ანალოგიური პრობლემები, ეს დღეს ყველას თავსატეხია. საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირება, როგორც უნივერსალურ საშუალებაზე, ეს ცოტა გულუბრყვილობაა. ალბათ, საერთაშორისო საზოგადოება დაფიქრდება როგორც მოაგვაროს ეს პრობლემა, მაგრამ დღეისათვის მზა რეცეპტი არ გააჩნია.


 


Category: | Views: 946 | Added by: georgia | Rating: / |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



Login form
News calendar
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
site statistics
Our poll
დაგვეხმარება მსოფლიო?
Total of answers: 254
Copyright MyCorp © 2024