აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა. "ჩვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და საფრანგეთის მიერ შემუშავებული დოკუმენტი განვიხილეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი თავის სიტყვას შეასრულებს და ცეცხლს შეწყვეტს. ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ცეცხლის შეწყვეტაა, რადგან კონფლიქტის ზონაში უამრავი ადამიანი იღუპება", - განაცხადა რაისმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. "ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა არაერთხელ დაგვიფიქსირებია. აღსანიშნავია, რომ გაერომ არაერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხაზგასმით არის აღნიშნული", - დასძინა რაისმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საფრანგეთიდან რუსეთში გაემგზავრება, შემდეგ კი საქართველოს ეწვევა.
|